რაც პანდემია დაიწყო, დილაობით ვვარჯიშობ ხოლმე, ვცდილობ ფორმაში ვამყოფო თავი, თან, ასაკიდან გამომდინარე სრული უმოძრაობაც ცუდად მოქმედებს.
დღეს დილას, როდესაც ვვარჯიშობდი, თბილისის „დინამოს“ იმ თაობის გამოჩენილი ფეხბურთელი შემხვდა, რომელმაც „თასების თასი“ მოიგო თავის დროზე. ყველა კარგად იცნობთ, მაგრამ სახელი-გვარის ხსენებისგან თავს შევიკავებ, თუ რატომ, ამას თავადაც მიხვდებით მალე.
ჰოდა, განვლილ თამაშთან დაკავშირებით, ჩვენი ნაკრები მაკედონიასთან რომ დამარცხდა, გამოველაპარაკე. განვიხილეთ ყველაფერი, დაწყებული იქედან, რომ მაყურებელი შეიძლებოდა დასწრებოდა თამაშს და ამით არაფერი დაშავდებოდა, მით უმეტეს, უეფას 10 000 კაცის დასწრების უფლებაც მიუცია. მით უმეტეს, გარეთ ქუჩაში დგომას, სტადიონზე შორი-შორს მსხდარიყვნენ, რა დაშავდებოდა, ხომ? დამთავრებული იმით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკური კონდიციები აძლევდა მას თამაშში მონაწილეობის საშუალებას, რაზეც მისი მწვრთნელიც საუბრობდა „რუბინიდან“ და აქაც ვარჯიშებზეც კარგად გამოიყურებოდა. თანაც ის ერთადერთი იყო, ვისაც დამოუკიდებლად თამაშის გადაწყვეტა შეუძლია. ტესტი, კიდევ, რომელიც 50%-ზე მეტ შემთხვევაში არაზუსტ შედეგებს იძლევა, შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის გამო ტექნიკურად მიეჩუმათებინათ, უამრავი საშუალება იყო ამის. ბოლო-ბოლო, მაკედონიის გუნდისთვისაც იგივე ტესტი ჩაეტარებინათ და დარწმუნდებოდნენ, რომ რამდენიმე კაცი მინიმუმ მათ გუნდსაც დააკლდებოდა.
მთავარი, რაზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ისაა, რომ როდესაც მრავალ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მეტწილად თანხვედრა დავაფიქსირეთ ჩვენს შეხედულებებში, ბოლოს ვუთხარი ქართველ ვარსკვლავს: თქვენ იქნებ მიგეხედათ ქართული ფეხბურთისთვის, რადგანაც ფედერაციას არ მართავენ ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ფეხბურთს და ქვეყანას რეალურად წაადგებიან. რაზეც მან მიპასუხა: რას ლაპარაკობ, ქართულ ფეხბურთზე ხმა რომ ამოიღო, ცოცხალს დაგტოვებენ გგონია?! იქ ისეთი მაფიაა, რომ არავის აკარებენ…ფული კეთდება, დიდი ფული, მეგობარო…
ჰოდა, ახლა გეკითხებით, რა ჰქვია ამას?! ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის თქმით, „დინამოს“ მისიდროინდელი თაობა იყო ბოლო თაობა, რომელმაც ფეხბურთი ითამაშა, დიდი ფეხბურთი, შემდეგ უარესი და უარესი თაობები მოდიოდა და დღევანდელი ნაკრებიც რომ გასულიყო ფინალურ ეტაპზე, განწირული იქნებოდა, სირცხილსაც ჭამდა.
კონსტანტინე ჩიკვილაძე