ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც დათმობაზე წასვლას არ აპირებს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტის სახელით დარჩება.
„ის საშინელ შეტყობინებას გზავნის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა და ძალიან საზიანო შეტყობინებებს უგზავნის დანარჩენ მსოფლიოს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. მას გაიხსენებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტს ამერიკის ისტორიაში. ძნელი გასაგებია, თუ რას ფიქრობს ეს ადამიანი. უბრალოდ აღმაშფოთებელია ის, რასაც აკეთებს”,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.