მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, თავისი შეხედულება ჰქონდეს, ამა თუ იმ წარმომადგენელზე, მათ შორის ტინი კოქსზე, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული დამოკიდებულებებითა და განწყობებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
უდუმაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ტინი კოქსი არის ადამიანი, რომელმაც ღიად არ დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
„ეს ცნობილი ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ევროსაბჭოში ერთი გუნდი არსებობს, რომელიც პრორუსული გუნდია და ლობირებენ რუსეთს. მგონი, ამის შესახებ ღიად უნდა ვისაუბროთ და არა დამალულად. მგონი, რაც უფრო მეტად გვექნება ასეთი ადამიანების შესახებ ინფორმაცია, ვინც რუსეთის სასიკეთოდ მუშაობს, უფრო კარგი იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ტინი კოქსი აცხადებს, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციონერთა ნაწილის მიერ მასზე გაკეთებულ შეფასებებს იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს.
ცნობისთვის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელშიც მან ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა. ასევე, „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ის კოქსთან მიმართებით ამ შეფასებას ეთანხმება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ მის მიმართ ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კოქსმა განაცხადა, რომ „მისალოცია, არჩევნების მშვიდობიანად გამართვა, რაც ყოველთვის არ ხდება“.
ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.