ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის მხარეს 600 თურქი ოფიცერი მონაწილეობდა – კანადელი ექსპერტი

კანადელი სამხედრო ექსპერტი, მაიკ მიჰაილოვიჩი სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით (ინფორმაციის კონკრეტული წყაროს დაუსახელებლად) “ტვიტერზე” აცხადებს, რომ ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის მხარეს 600 თურქი ოფიცერი მონაწილეობდა.

მათ შორის, დასახელებულია თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი ბახტიარ ერსაი, რომელიც აზერბაიჯანის გენერალურ შტაბს მართავს, ხოლო საჰაერო-შეიარაღებულ ძალებს – გიოქსელ კაჰია. ეს უკანასკნელი საომარი მოქმედებების დროს პასუხისმგებელი იყო საჰაერო დაზვერვასა და უპილოტო საფრენი აპარატების შეტევებზე.

მიჰაილოვიჩი აღნიშნავს, რომ დამრტყმელი დრონების წარმატებული გამოცდილება ამჟამად ისრაელის სამხედროების შესწავლის ობიექტი გახდა.

გარდა ამისა, მიჰაილოვიჩის ტვიტში წერია: “აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, 600 თურქი ოფიცერი იქნა გაგზავნილი: 250 ნახჭავანში, 90 მიმაგრებულ იქნა თავდაცვის სამინისტროში, 120 – გაბალის ავიაბაზაზე, 20 – დალიარის ავიაბაზაზე, 50 – ევლახის ავიაბაზაზე, კიდევ 50 – მე-4 საარმიო კორპუსში, 20 – სამხედრო-საზღვაო ბაზასა და ბაქოს სამხედრო ინსტიტუტში”.