ეკონომისტმა სტანისლავ მიტრახოვიჩმა რადიო Sputnik-თან კომენტარი გააკეთა Bild-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების მოსაზრებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით.
გერმანელი პოლიტიკოსების იმედი, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში ჯო ბაიდენის მოსვლის შემთხვევაში შეერთებული შტატების რიტორიკა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ შერბილდება, არ გამართლდება, მიაჩნია Bild-ის ჟურნალისტს იულიან რეპკეს.
მისი თქმით, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ახალი წლიდან ვაშინგტონი ამ საკითხში მკაცრი ზომების გატარებას განაგრძობს. ამგვარ დასკვნას რეპკე აშშ-ის განცხადებაზე დაყრდნობით აკეთებს, რომლის თანახმადაც შტატები სანქციების დაწესებას აპირებს იმ სადაზღვევო და სასერტიფიკაციო კომპანიებისთვის, რომლებიც რუსულ საწარმოებთან და ხომალდებთან თანამშრომლობენ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ჯერჯერობით გერმანიის ხელისუფლების შეზღუდვების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ბაიდენს „შეუძლია დაასამაროს“ თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“.
თავის მხრივ, ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი ბენჯამინ შმიტი ამტკიცებს, რომ დემოკრატებიცა და რესპუბლიკელებიც ერთნაირად ნეგატიურად არიან განწყობილი რუსული გაზსადენის მიმართ.
ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალისტს ალან რაილის ასევე მიაჩნია, რომ ბაიდენის მთავარი მიზანი — რუსული პროექტის დახურვაა.
რუსეთის მთავრობასთან და ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტის სტანისლავ მიტრახოვიჩის აზრით კი ვითარება ესოდენ ერთმნიშვნელოვანი არ არის.
„რაც შეეხება ბაიდენის მოლოდინებს, ისინი ორაზროვანია. ერთი მხრივ, ბაიდენის გუნდში მრავლად არიან ისეთები, რომლებიც რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სასანქციო პოლიტიკის გატარებას უჭერენ მხარს და თავად ბაიდენიც ნეგატიურ რაკურსში ხატავს რუსეთს; მეორე მხრივ კი ბაიდენი შეიძლება თავს იკატუნებდეს, რომ ტრამპზე ნაკლებად ეგოისტია. და რახან ნაკლებად ეგოისტია, მაშინ არ შეიძლება [ევროპელებს] უთხრას, ვთანამშრომლობთო და მერე იქვე დაამატოს, მოდით, ამერიკული სანქციები შემოვიღოთ იმ ევროპული კომპანიების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი „გაზპრომთან“ მუშაობენო. ამიტომ ბაიდენის შესაძლო ნაბიჯები ერთმნიშვნელოვანი არ არის. ვნახოთ, ჩემი აზრით, აქ კიდევ არის გარკვეული განშტოებები“, — აღნიშნა მიტრახოვიჩმა.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან – „გაზპრომთან“ ერთად. ევროპელი პარტნიორები ― Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall მშენებლობას სანახევროდ, ანუ თითოეული 950 მლნ ევროთი აფინანსებენ.
ემუქრება თუ არა რუსეთს „ჯოჯოხეთური სანქციები“ ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს სანაცვლოდ საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.
გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც შევიდა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ. შედეგად – მშენებლობა შეჩერდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ივლისს გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში და მასში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარდა, ასევე ჩართო პროექტ „თურქული ნაკადის“ მეორე ტოტი, რომელზეც მანამდე სანქციები არ ვრცელდებოდა.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ვაშინგტონმა გააფართოვა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები და ახლა შეზღუდვები იმ კომპანიებსაც ეხება, რომლებიც სერვისებს, აღჭურვილობასა და დაფინანსებას სთავაზობს პროექტზე დასაქმებულ ხომალდებს. გარდა ამისა, მასმედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი აპირებს სანქციები დაუწესოს იმ სადაზღვევო და სასერტიფიკაციო კომპანიებს, რომლებიც გაზსადენზე დასაქმებულ რუს ხომალდებთან მუშაობენ.
“სპუტნიკ-ჯორჯია”