შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ 3 არასრულწლოვანს 5 წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს 6 წლითა და ცხრა თვით, ერთს კი 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა!
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
კერძოდ, ხუთი წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ა.ქ- სა და ზ.ხ-ს, 3 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ნ.ქ.-ს.
მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სასამართლო პროცესისთვის, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად სოცმუშაკის მიერ წარმოდგენილი ინიდივიდუალური შეფასების დასკვნაც მომზადდა.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწოვნები – ზ.ხ, ა.ქ, ნ.ც, ლ.შ, გ. მ, და ნ.ქ დამნაშავედ ცნო. დაკავებულ პირებს – ლ.შ-ს, ნ. ც-ს, და გ.მ-ს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ა.ქ-ს, ნ.ქ-ს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას მოიცავდა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.
წყარო: interpressnews.ge