ვხედავთ, რომ საბურთალომ ზურგი აქცია ამ სამარცხვინო “არჩევნებს” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხმის მისაცემად მისვლას აზრი არ აქვს.
„მინდა, მივულოცო ამხანაგ სერგეენკოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა უმაღლესი საბჭოს დელეგატობა. იმედია, ის საბურთალოს, ანუ ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა იმედებს გაამართლებს და პირნათლად მოემსახურება ლენინურ პარტიას. მინდა, მივმართო საბურთალოელ ამომრჩევლებს, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს. ჩვენ ვხედავთ, რომ საბურთალომ ზურგი აქცია ამ სამარცხვინო არჩევნებს,
12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე დაბალი აქტივობა იყო საბურთალოზე და ვფიქრობ, ეს შენარჩუნდება კიდეც. ესეც არის დასტური იმისა, რომ საბურთალოელი ამომრჩევლები არ მონაწილეობენ გაყალბების მეორე ტურში. მე ყველას მოვუწოდებ ბოიკოტისკენ და თავად არ ვიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებში.
ბოიკოტი სწორედ იმისთვის გვაქვს გამოცხადებული, რომ სინამდვილეში დავიცვათ საბურთალოელების ხმები და უბრალოდ არ ვაწვალოთ ადამიანები საარჩევნო უბანზე მისვლით, ვინაიდან აზრი არ აქვს. 31 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ, რომ არც საათობით რიგში დგომას აქვს აზრი, არც ვინმეს შემოხაზვას აქვს აზრი, ვინაიდან საღამოს თამარ ჟვანია და მისი გამყალბებლები დასხდებიან და ისე გადააკეთებენ რიცხვებს, როგორც ეს გააკეთეს 31 ოქტომბერს.
მინდა საბურთალოელებს ვუთხრა, არ აქვს მნიშვნელობა, მე საბურთალოს მაჟორიტარი ვიქნები თუ არა, საბურთალოელების სამსახურში ვიყავი და დავრჩები ყოველთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
წყარო: ghn.ge