გოგონა კომაში დიაბეტის გამო ჩავარდა და კორონასტატისტიკაში არასწორად შეჰყავთ – 23 წლის გარდაცვლილი გოგონას ოჯახი კლინიკას დაუპირისპირდა

ქუთაისში 23 წლის გოგოს სახლში გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუთაისის კლინიკური საავადმყოფო განმარტებას აკეთებს. რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ქონდა.

„პაციენტი შემოვიდა კომატოზურ მდგომარეობაში, სუნქთვის უკმარისობით. მას კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა. მდგომარეობა მძიმე იყო, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა და შეყვანიდან მალე გარდაიცვალა”, – განაცხადა გოგინავამ.

გარდაცვლილის ოჯახი კი კორონავირუსის არსებობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორ ისინი აცხადებენ, გოგონა კომაში დიაბეტის გამო ჩავარდა და კორონასტატისტიკაში არასწორად შეჰყავთ.

„წინა დღეებში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჰყავდა გამოძახებული, რადგან შაქარმა აუწია და კრუნჩხვებში ჩააგდო. გოგონას მდგომარეობა გუშინ საღამოს კიდევ უფრო გართულდა. ის კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში შეყვანის დროს პულსი არ ესინჯებოდა. კორონავირუსი რა შუაშია”, – აცხადებენ ახლობლები.

 

“რეზონანსი”