არანაირი პარტიის წევრი არ ვარ და საერთოდ ვერ ვიტან პოლიტიკოსებს – ლევან ზურაბაშვილი

“ჩემთვის მთავარია, რომ კანონები შეიცვალოს და ერი გადარჩეს. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს” – ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა, ლევან ზურაბაშვილმა სასმართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ზურაბაშვილი ამბობს, მოთხოვნები გაგრძელდება, თუმცა სხვა ფორმით.

“თქვენ ყველაფერზე იძახით შესაძლოას, რეალურად კი ამ პრობლემების გამო, ნახევარი საქართველო დაღუპულია, ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, იღუპება საქართველო. რამდენმა მოიკლა თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა, ხალხს სახე ჩამოსტირის. ახლა მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი. შეიძლება ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მომავალი თაობა იღუპება, ეს თქვენ გულამდე არ მიდის? გავისტუმრე ჩემი ვალები, აღარ ვთამაშობ, მაგრამ ამ თამაშმა ცხოვრება, წლები მომპარა. ჩემთვის მთავარია, რომ კანონები შეიცვალოს და ერი გადარჩეს. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს.

ოჯახი არ არსებობს, რომ წამალი არ სჭირდებოდეს, საქართველო კი არ ვითარდება, უკან-უკან მიდის. ჩვენ ცოდოები არ ვართ? ვიღაცას მეტი შემოსავალი აქვს, ვიღაცას ნაკლები, ხალხიც არ მივიდა არჩევნებზე. მოთხოვნები გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ფორმით” – განაცხადა ზურაბაშვილმა.

ზურაბაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის” თავს დაესხა მოქალაქე ლევან ზურაბაშვილი და მძევლები აიყვანა. ზურაბაშვილმა მოთხოვნებიც წამოაყენა: აზარტული თამაშების გაუქმება, წამლების ფასისა და საბანკო პროცენტების შემცირება.

ზურაბაშვილი ამჟამად დაკავებულია და ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

წყარო: ghn.ge