არჩევნების შედეგად პოლიტიკური რეალობის შეცვლა ქვეყანაში ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა, საქართველოში დღეს ტარდება არჩევნები ისე, როგორც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.
სამადაშვილი ამბობს, რომ განმეორებითი არჩევნების დანიშვნის ერთადერთი გზა სასამართლოს მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებაა.
“ლოგიკურად თუ შევხედავთ არჩევნების დინამიკას, დარწმუნებული შეიძლება ვიყოთ, რომ რამდენიმე კანდიდატს, თუ ყველას არა, ბევრს ჰქონდა შანსი გამარჯვების, მაგრამ ის, რაც არის ალოგიკური, არის ის, რომ არ ვიცი, დამატებით რა ბერკეტებს გამოიყენებდნენ, შეიძლება ყუთების გატაცება რომ გვახსოვს 90-იან წლებში, მოპარვა, ძალადობა – ალბათ, ყველაფერს გააკეთებდა ხელისუფლება, რომ ხელი შეეშალა კონკრეტული კანდიდატების გამარჯვებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ დღეს უკვე ვადამდელ არჩევნებს, განმეორებითზე საუბარი უკვე შეუძლებელია. ეს არჩევნები გააფორმა უკვე ცესკომ. დღეს ამ არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის შეიძლება ერთადერთი გზა იყოს და ეს არის სასამართლოს მიერ არჩევნების გამოცხადება შეუმდგარად და ასე შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები. ამიტომ ამ ეტაპზე, როცა ცესკომ მოაწერა ხელი რასაც მოაწერა, შეიძლება ითქვას, რომ დაასვა ბეჭედი. აქედან გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არც ჰქონდა გეგმაში რაიმეზე მოლაპარაკება, რადგან თუ მოლაპარაკება სურდათ, შეიძლებოდა ეს პროცესი როგორც მინიმუმ გადაევადებინათ,“ – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს ჩატარდა.
წყარო: ptn.ge