აზერბაიჯანში, თურქეთს და რუსეთს შორის  დიდი უთანხმოებაა: არა მხოლოდ თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებასთან დაკავშირებით 

თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან.

 

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თურქულ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამჟამად ყველაზე დიდი უთანხმოება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებას ეხება“, – განაცხადა წყარომ.

წყაროს ინფორმაციით, რუსეთი მიიჩნევს, რომ ერთობლივი ცენტრისგან დამოუკიდებლად თურქეთის მიერ სადამკვირვებლო პოსტის განთავსება საჭირო არ არის.

17 ნოემბერს თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა.

13 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თურქი მშვიდობისმყოფელები მთიან ყარაბაღში არ განთავსდებიან. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საუბარია რუსულ-თურქულ სამონიტორინგო ცენტრზე, რომელიც აზერბაიჯანში განთავსდება და ყარაბაღთან ახლოს არ იქნება.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.