დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფედერალურმა სააგენტომ, გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხელისუფლების გადაცემის პროცესს, “უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

„ბრძოლას გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილისა და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით და ჩემს გუნდსაც იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდე,“- დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“.

გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ (GSA) განაცხადა, რომ იგი აღიარებს ბაიდენს, როგორც “აშკარა გამარჯვებულს”. ადმინისტრატორის, ემილი მერფის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტისთვის 6.3 მილიონი აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი.

ბაიდენის გუნდი გადაბარების პროცესის დაწყებას მიესალმა.

 

“ინტერპრესნიუსი”