ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ, აშინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ და მე არ მსურს, რომ ეს ხდებოდეს მის და სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ. ჩვენი საქმე გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს“, – წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.
დონალდ ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სახელმწიფო სერვისების სააგენტომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
ამ განცხადებას ჯო ბაიდენის გუნდი მიესალმება.
წყარო: ptn.ge