მედია: ისრაელის პრემიერი და „მოსადის“ დირექტორი საიდუმლო ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვივნენ

ისრაელური მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ დირექტორი, იოსი კოენი საიდუმლო ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვიენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 22 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ისრაელური მედია იუწყება, ბენიამინ ნეთანიაჰუ საუდის არაბეთში მაშინ გაემგზავრა, როდესაც სამეფოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერი საუდის არაბეთში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

15 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ხუთი ან ექვსი არაბული სახელმწიფო ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დადებს.