საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს – ანტირეკორდები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა კუთხით ყოველდღიურად მყარდება.
საქართველო 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია, შესაბამის სტატისტიკას The New York Times–ი აქვეყნებს.
გამოცემის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 2,8 ათასი ინფიცირებული მოდის, რაც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
საქართველოსთან ერთად „შავ სიაში“ მოხვდნენ ლუქსემბურგი, ჩერნოგორია და სერბეთი.
ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში, რომელიც პანდემიის დასაწყისში დიდი დროის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, სექტემბერში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირების ორნიშნა დღიური მაჩვენებელი, მალე სამნიშნა გახდა, ბოლო დღეებში კი ოთხნიშნა ციფრშია გამოხატული. მხოლოდ ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.
ოფიციალური ვებგვერდ StopCov–ის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 108 680–ს მიაღწია
“სპუტნიკი”