“არ გინდოდათ რძე და ყველი…”- იმეორედ ხშირ-ხშირად თერაპიისთვის

დრო ისეთი მახსოვს, უმუშევრობა იყო დასჯადი და ადამიანის სამსახურიდან გაშვება – თუ რაღაც საშინელება არ ჩაიდინა – პრაქტიკულად შეუძლებელი.

რაღაც მინუსები ამ მიდგომასაც, რასაკვირველია, ჰქონდა, შედარებით სუსტი თანამშრომლები უნდა აგეტანა გვერდით, მაგრამ პლიუსები, როგორც აღმოჩნდა, მეტი იყო…

თუმცა, არც მაშინ გახლდათ კარგი სამსახურის პოვნა იოლი საქმე, მაგრამ ეს მაინც სულ სხვა თემაა. ლუკმა-პურს კი სავსებით ლეგალურად ყოველთვის მოიძიებდი კაცი. ნუ, ვისაც მეტი უნდოდა – მის მიმართ სხვა მოთხოვნები იყო (როგორც ყველგან).
აბა, სოციალიზმი თქვენ არ გინდოდათ, უფასო მკურნალობა თქვენ არ გინდოდათ (მაინც ქრთამია მისაცემიო), უფასო სწავლა სკოლა-უმაღლესებში თქვენ არ გინდოდათ (იქაც ჯოჯოხეთს ქრთამი ანათებსო და, თანაც, ამდენ დიპლომიანს რა გაუძლებსო), მშვიდობა და სხვებთან თანასწორობაც არ გინდოდათ სინამდვილეში, რადგან ზღუდავდა, თურმე, ეგ ამბავი თქვენს მგზნებარე “თავისუფალ სულსა” და გაქანებას.

მოკლედ, დაუღალავად ეძებდით მზეზე ლაქებს, ხოლო ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს… დღესაც ბევრი თქვენგანი ლაღად ატარებს დროს სოციალიზმის, სტალინისა და საბჭოთა კავშირის უმაქნის ლანძღვა-გინებაში – თან ხშირად (ყოველთვის არა) ანაზღაურების გარეშეც, ასე ვთქვათ, სულის მოწოდებით. ჰოდა, აგრძელეთ ასე, ამერიკულ-ევროპული გრანტების იმედზე.
ისე, ურიგო არ იქნება ერთი ცნობილი ქართული გამოთქმაც იმეოროთ ხშირ-ხშირად, თერაპიისთვის: “არ გინდოდათ რძე და ყველი…”.

გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე