გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება, თუ არ შევაჩერეთ ინფექციის გავრცელება

ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე Facebook-ზე წერს.

„სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ… ზომების გამკაცრება გარდაუვალია. უფრო კონკრეტულად: რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო და საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ რიგში პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება. ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება 3 მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით:

1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით;

2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია და/ან კოვიდსასტუმროში გადასვლა;

3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში – დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და იმავდროულად სოციალურ-ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.

ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება, 20-24 დღეში კი სიკვდილიანობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი, მაგრამ ჩემი აზრით სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის“, – წერს ზოიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”