ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათასს მიაღწია, მათი უმეტესობა უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტები არიან
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ სამოქმედო გეგმაზე საუბრობს, რაც მისი აზრით, დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით, ჰოსპიტალურ სექტორში უნდა გაკეთდეს.
ექიმის თქმით, უნდა გაიწეროს ყველა მსუბუქი, ან საშუალო პაციენტი, რომელსაც არ სჭირდება ჟანგბადი
და მათი მდგომარეობა ოჯახის ექიმებმა მართონ, კერძო კლინიკებმა შეიმუშავონ მკურნალობის კონკრეტული ღირებულების რაოდენობა და მიიღონ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია აღნიშნული თანხის გადახდა.
ასევე, ბოლო უნდა მოეღოს კოვიდ ისტერიის გავრცელებას, პოზიტიურ ჭრილში მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ფართო მასებისთვის, რის საფუძველზეც გადაილახება შიში აღნიშნული დაავადების მიმართ, აქტიურად მუშაობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები (ფსიქოლოგები, ფსიქიატრები) და შეიმუშავონ პროტოკოლი კოვიდ 19 – ით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაწესრიგებლად და შეიქმნას გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი.
მისი თქმით, უნდა ამუშავდეს ტელემედიცინის სექტორი და აქტიურად ჩაერთოს დაავადების მართვაში,
სასწრაფო დახმარების სერვისები უნდა მოწესრიგდეს, ვინაიდან მისი პრიორიტეტულობიდას მიუხედავად, მხოლოდ კოვიდი არ არის დაავადება, რომლითაც იღუპებიან ადამიანები და კიდევ უამრავი დაავადება არსებობს, რასაც დროული და გადაუდებელი ინტერვენცია სჭირდება.
„შეიძლება ბევრ რამეში ვცდები, მაგრამ ასეთი აზრები გამიჩნდა ქვეყანაში განვითარებული ჯანდაცვის სისტემის სფეროში შექმნილი გამოწვევების აქტიურად მართვის კუთხით. ეს დაავადება დაძლევადია! უნდა დავეხმაროთ ხალხს ამის გააზრებაში, რათა დაიძლიოს საყოველთაო შიში კოვიდის მიმართ”, – წერს ზურა სიხარულიძე.
საქართველოში ამ დროისათვის 18.759 აქტიური შემთხვევაა. მათი დიდი ნაწილი უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალურ სერვისს არ საჭიროებს – 3. 920 ადამიანი მკურნალობის კურსს კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8. 674 პირი ბინაზე გადის.
ბინაზე მკურნალობას პაციენტი ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციის საფუძველზე გადის. რაც შეეხება კოვიდ–სასტუმროებს, ისინი კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფებიან.
შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.
“სპუტნიკი”