უაზრო “წერტილოვანი” შეზღუდვები და საკუთარი ხელით საქართველოსგან დარჩენილი ნანგრევების ბოლომდე დაშლა გრძელდება: გახალიას მთავრობა მორიგ შეზღუდვებს აცხადებს უკვე ზეგიდან, 28 ნოემბრიდან.
“კომენდანტის საათის” ერთი საათით გადმოწევა 22-იდან 21 საათზე, კვების ობიექტების სრულად დახურვა – საჭმლის მხოლოდ სახლში მიტანის უფლების დატოვებით (ე. წ. “დელივერი”), ყველანაირი შეკრების, კონფერენციის, ღონისძიების აკრძალვა, სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშის აკრძალვა, ტრანსპორტით გადაადგილების შეჩერება (რჩება მხოლოდ ტაქსი და კერძო ავტომობილი) – ესაა “ხალხზე ზრუნვის” ძირითადი “გენიალური” გადაწყვეტილებები, რომლებიც იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. ნოემბერ-იანვარში განსაკუთრებით დაზარალებულმა კატეგორიებმა 300 ლარი უნდა იკმარონ, მთავრობის ე. წ. დახმარების სახით:
„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, მოლებს, ბაზრობებს, მაღაზიებს, და გვესმის, რომ აქ ბევრი ადამიანია დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულთათვის პირველი ტალღის დროს – 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ადამიანთა აღრიცხვა კომპანიებთან ერთად და ამ დახმარების გარდა ასევე ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რომელსაც აქვს საბანკო სესხი, სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება. 300-ლარიანი დახმარებით პირველი ტალღის დროს ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, ვინაიდან უფრო ვიწრო სფეროზე ვრცელდება შეზღუდვა, ვფიქრობთ, რომ დახმარებას 100-120 ათასი ადამიანი მიიღებს“, – განაცხადა გიორგი გახალიამ.
პრემიერად წოდებულ პროვოკაციას არ გამოუცხადებია ფორს-მაჟორი ბანკებთან მიმართებაში, ნაცვლად იმისა, რომ გაღატაკებული მოსახლეობა დაიცვას საკრედიტო წნეხისგან და პროცენტის შემცირებაზე მაინც ილაპარაკოს, იგი ბანკების ინტერესების სადარაჯოზე რჩება – ცოტაოდენი ხნით თუ გადაგივადებენ რესტორანში მომუშავე პირებს საბანკო სესხებს, თორემ ყველაფერს ბოლო კაპიკამდე “დაყაჭავთ”!
იხილეთ დანარჩენი შეზღუდვები, დეტალურად:
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
· 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
· მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
· რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:
– პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
– „დელივერი“
– „დრაივი“
· ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
· ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
· სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
ე. წ. “დიდ ქალაქებში” – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
· ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
· სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
· ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
· სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
· კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტეზე ასევე:
· სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
· ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით:
· იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
· აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში
ქვეყნის მასშტაბით:
· ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
· აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
· არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი – 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
· აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
· შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
· ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
9. და სხვ.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.