ამერიკულ მასმედიაში უკვე მზადდება წარმავალ პრეზიდენტ ტრამპზე დევნის კამპანია, რომელიც მისი ოჯახის წევრებსაც შეეხება, კერძოდ, შვილებსა და სიძეს.
იურიდიული დარტყმის ქვეშ ექცევა ტრამპის ოჯახური კორპორაცია “Trump Organization”, რომლის სახელითაც ტრამპის სამი უფროსი შვილი – ივანკა, დონალდ ჯუნიორი და ერიკი არაერთ დოკუმენტს აწერენ ხელს. ამ დოკუმენტებს შორის, შესაძლოა, აღმოჩნდეს იურიდიულად საჩოთირო და სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად საკმარისი, ფინანსური ხასიათის დოკუმენტებიც.
განსაკუთრებით განერვიულებულები ივანკა ტრამპი და მისი ქმარი ჯარედ კუშნერი ჩანან – იუწყებიან ინსაიდერები, მით უმეტეს, რომ ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ უკვე გამოაცხადა ტრამპის კომპანიის მიმართ ჩასატარებელი გამოძიების დაწყება, გადასახადების შესაძლო დამალვასთან დაკავშირებით. თუმცა ივანკამ უკვე მოასწრო “ტვიტის” დაწერა, სადაც აღნიშნა: “ეს ყველაფერი ნიუ-იორკელი დემოკრატების ხრიკებია!”
გამოცემა “Financial Times” იუწყება, რომ ტრამპის ორგანიზაციას უძრავ ქონებასთან მიმართებით 900 მილიონ დოლარამდე დავალიანება აქვს, ხოლო “Forbes” ყურადღებას ამახვილებს კომპანიის ასევე დიდძალ დავალიანებაზე საგადასახადო ორგანოების წინაშე. ტრამპს ასევე ვალები აქვს უცხოურ ბანკებთან, მათ შორის Deutsche Bank-ის მიმართ.
პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი, მაიკლ კოენი ჟურნალისტებთან საუბარში კი ამბობს, რომ ტრამპი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი თავი იხსნას – შვილების გაწირვის ხარჯზეც კი: “თავდაპირველად იგი ერიკს მიატოვებს, შემდეგ დონალდ-უმცროსს. თუკი საჭირო გახდა, იგი მსხვერპლად შესწირავს თვით თავის საყვარელ ქალიშვილ ივანკას. დამიჯერეთ, მე კარგად ვიცნობ დონალდს” – გადმოსცემს კოენის სიტყვებს გერმანული ჟურნალი Focus”.