“ღმერთს ვთხოვ, არ გაპატიოთ არც ერთი ცოდვა, რომ გეენიასა შინა იწვოდეთ, უკუნითი-უკუნისამდე!”

ასობით ვნახულობ ასეთს, მაგრამ ამ ბებომ ბოლო მომიღო.

 

ნაგავში რომ იქექებიან. მოხუცს რომ სიმაღლე არ ყოფნის და აგურზეა შემდგარი რომ უკეთ დაინახოს სხვისი ნასუფრალიდან რამე თუ გადარჩა. ჯოხებით ჩხიკინებენ ხოლმე, ფსკერზე რომ მისწვდნენ. საშინლად გამხდარი ხელები აქვთ და უიმედობისგან შეშინებული თვალები.

ასობით მე ვნახულობ, თორემ ათასობითაა!

ხოდა, ხუთ ლარიანს რომ დაინახავენ, მათკენ გაწვდილს, იცით როგორი სახე აქვთ?

აი, თან ხელი მისით გამორბის ფულისკენ და ენა კი მაინც – არ მინდა შვილო, ბევრიაო, ამას გაიძახის!

ხუთი ლარიო, ბევრიაო!!!

იმისთვის მართლა ბევრია, არც იჯერებს რომ მას აძლევენ.

ამ ხუთ ლარს რომ მისცემ, სწრაფად უნდა გაეცალო, ჩემი ნერვების ადამიანი, თორემ სამადლობლად გულს გადაგიშლის და მოგიყვება როგორ მიიყვანა ცხოვრებამ ნაგვის ურნამდე.

მაგას კი, ვეღარ ვუძლებ და გავრბივარ, მაგრამ სად გაიქცევი?!

მეორე მოსახვევში სხვა ურნა და სხვა მოხუცია.

ეს ხუთ ლარიანებიც აღარაა და რკინის ლარიანს ვისაც ვაძლევ, არ დაიჯერებთ და იმასაც ისე უხარია, როგორც ხუთ ლარიანის მფლობელს.

ამ ბებომ, აღმაშენებლის 46/10 რომ იქექებოდა ურნაში, კუთხის ბოლომდე მსდია და ალბათ შარშან საახალწლოდ ნაშივნი შოკოლადი მომცა.

ერთი პაწია ნატეხი.

ხოდა, რისი თქმა მინდა – როდესაც დასაძინებლად წახვალთ, როდესაც გაიღვიძებთ, როდესაც შვილებს მზრუნველად აკოცებთ შუბლზე, როდესაც ძვირადღირებული მანქანის კარს ფრთხილად დაკეტავთ, არ დაგავიწყდეთ რომ სანაგვეში საჭმლის მაძიებელი ხალხის მთავრობა ხართ და ღმერთს ვთხოვ, არ გაპატიოთ არც ერთი ცოდვა, რომ გეენიასა შინა იწვოდეთ, უკუნითი-უკუნისამდე!!!

 საქართველოს მთავრობა

მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე