საქართველო იმ 80 ქვეყანას შორისაა, სადაც პანდემიის დროს დემოკრატიის ხარისხი არ გაუარესებულა

საქართველო იმ 80 ქვეყანას შორისაა, სადაც პანდემიის დროს დემოკრატიის ხარისხი არ გაუარესებულა – Freedom House-ის კვლევა

„დემოკრატია კარანტინში“ – ასე ჰქვია უფლებადამცველი ორგანიზაციის, „Freedom House“-ს კვლევას, რომელიც ასახავს 192 ქვეყანაში ვითარებას, მიმდინარე წლის დასაწყისიდან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პანდემიის გავრცელების შემდეგ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა 80 ქვეყანაში გაუარესდა. ეს აისახება მთავრობის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუციების აღკვეთაში, შესუსტებაში ან დახურვაში.

ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან გამჭვირვალეობის არარსებობა კორონავირუსთან დაკავშირებით და მიღებული ზომები, კორუფციის ზრდა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ასევე პრესის თავისუფლების შეზღუდვები. ხელისუფლება ასევე ხშირად აძლევს საკუთარ თავს დამატებით უფლებამოსილებებს, ეპიდემიასთან ბრძოლის საბაბით. ამასთან, ეს უფლებამოსილებები სცილდება ჯანმრთელობის სექტორს.

კერძოდ, ანგარიში ხაზს უსვამს ბელორუსის მდგომარეობას, სადაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად არ შემოიღო საკარანტინო ზომები, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებისგან განსხვავებით, თუმცა, ეპიდემიის საბაბით, მათ დამატებით შეზღუდეს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები, კერძოდ, შეზღუდეს დამკვირვებელთა ყოფნა საარჩევნო უბნებზე. ამავე დროს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩაღდა.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, პანდემიის საბაბით, რუსეთის ხელისუფლებამ შემოიღო მედიის დამატებითი შეზღუდვები და შეკრების თავისუფლების აკრძალვა.

ასევე კრიტიკის ქვეშ მოჰყვა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში, რომელმაც, ანგარიშის ავტორების აზრით, არაერთხელ გააკეთა არასწორი და წინააღმდეგობრივი განცხადებები ეპიდემიის შესახებ.

მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის დროს მრავალი შეზღუდვა გარდაუვალია, მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ შეზღუდვები უნდა იყოს ადეკვატური და შემოღებული მკაფიოდ განსაზღვრული დროით. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და არჩევნების თავისუფლება, დაიცვას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და თავიდან აიცილოს კორუფცია.

გაზაფხულზე, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, საკარანტინო შეზღუდვები შემოიღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – მათ შორის, ადამიანების სახლებიდან გასვლის უფლების შეზღუდვები. ამის შემდეგ, ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დაბრუნდა აგვისტო-სექტემბერში, როდესაც ბევრ ქვეყანაში დაიწყო ინფექციის ახალი აფეთქება.

Freedom House-ს ანგარიშში მოხვდა საქართველოც.

ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ 111 ქვეყანას შორისაა, სადაც პანდემიის შემდეგ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ შეცვლილა.

„საქართველოში, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად რჩება, მთავრობამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოსახლეობის მხრიდან პანდემიის წინააღმდეგ მკაცრი, მაგრამ გამჭვირვალე ზომების მიღებაში. საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოპულარობა ოქტომბრის არჩევნების წინ. ეს შემთხვევა შეხსენებაა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, მიიღოს ზომები ჯანმრთელობის რისკების მართვისა და ამავე დროს, ადამიანის უფლებების დასაცავად” – ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამზადისში საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც პოზიტიური მაგალითი და კვლევის მონაწილეები ამაზე ამახვილებენ ყურადღებას.

რაც შეეხება თავისუფლების ინდექსს, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების რიცხვშია. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს 100 პუნქტიდან 61 ქულა მიენიჭა.

წყარო: ptn.ge