სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

ამასთან, მისი თქმით, რეგიონებში ძირითადად პარტიული აქტივია დასაქმებული, რომელთაც ხელფასი უნდა შეუმცირდეთ ან სამსახურიდან გათავისუფლდნენ, რადგან რეალურად „დოვლათს არ ქმნიან“.

„ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობა იღებს გადაწყვეტლებას, რომელიც ურტყამს კერძო ბიზნესს და რომელიც გვემუქრება იმით, რომ კერძო სექტორში დაიკარგება ათობით ათასი სამუშაო ადგილი, ანუ კერძო სექტორი დაზარალდება, ასეთ დროს მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი. როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა, რა თქმა უნდა, “ქამრების შემოჭერა”, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა. ეს განსაკუთრებით გამართლებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით რეგიონებში, ისეთ აიპ-ებსა და სსიპ-ებშია დასაქმებული, სადაც არანაირი დოვლათი არ იქმნება და სადაც ძირითადად დასაქმებული არის პარტიული ატივი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იქ უნდა მოხდეს სწორედ “ქამრების შემოჭერა”, ხელფასების შემცირება, დასაქმებული ადამიანების შემცირება იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ეს ადამიანები იქ დოვლათს არ ქმნიან, უბალოდ ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ფულს, ინაწილებენ და ამას ახმარენ თავიანთ პარტიულ საქმიანობას“,- განაცხადა კაპანაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”