“ეს გადადგომა უფრო მგონია გავლენების სფეროებზე ომი” – ჩიხრაძე თალაკვაძის გადადგომაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის თანამდებობიდან წასვლას „სხვადასხვა კლანს შორის შიდა დაპირისპირებებს“ უკავშირებს. ამის შესახებ ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ზოგადად ჯანდაცვის სფეროში და მითუმეტეს, სხვადასხვა სექტორებში დიდი ხარვეზები კოვიდამდეც იყო და სასწრაფო, გადაუდებელი და კრიტიკული დახმარების აღმოჩენა ყოველთვის პრობლემა იყო, ამიტომ თალაკვაძის გადადგომა, ან ვინმე სხვა დეპარტამენტის უფროსის, მდგომარეობას ვერ შეცვლის. თვით ტიკარაძის გადადგომაც, თუ მართვის პროცესი არ შეიცვალა, ვერაფერს უშველის, ამიტომ ეს გადადგომა მე უფრო მგონია გავლენების სფეროებზე ომი, შიდა დაპირისპირებები სხვადასხვა კლანს შორის. სხვა ახსნა, რომ ვიღაცამ პრინციპულობა გამოიჩინა და გადააყენა, ამას არ აქვს. მითუმეტეს, ტიკარაძე ამბობს, რომ ვერ აკონტროლებს პროცესს და დაპირისპირება აქვს. ამიტომ, მგონია, უფრო გავლენების და ფინანსებზე ზეგავლენების მოპოვების ბრძოლაა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, თალაკვაძე თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე წავიდა.

წყარო: ghn.ge