ივერი მელაშვილის ადვოკატებმა დღემდე მტკიცებულებები არც კი მოითხოვეს

ივერი მელაშვილის ადვოკატებმა დღემდე მტკიცებულებები არც კი მოითხოვეს – დავით გარეჯის საქმის პროკურორი.

ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულება მოვიპოვეთ, თუმცა ადვოკატებმა ბრალის წარდგენის შემდეგ დღემდე მტკიცებულებები არც კი მოითხოვეს, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დავკითხეთ მოწმე ნინო კალანდაძე და მის დაკითხვას არ დაესწრნენ ივერი მელაშვილის ადვოკატები. ლეგიტიმური იქნებოდა, რომ მოწმესთან კითხვები დაცვის მხარესაც ჰქონოდა, თუმცა ისინი საერთოდ არ გამოცხადდნენ. უფრო მეტიც, ივერი მელაშვილის ადვოკატებმა ბრალის წარდგენის შემდეგ დღემდე მტკიცებულებები არც კი მოითხოვეს. ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულება მოვიპოვეთ და მათ აქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, თუნდაც ყოველდღე მოითხოვონ ახალი მტკიცებულებები, რასაც პროკურატურა მოიპოვებს, თუმცა 8 ოქტომბრის შემდეგ მათ საერთოდ მტკიცებულებები არ მოუთხოვიათ. პარალელურად ისინი საქმის პოლიტიზებას ცდილობენ და ამბობენ, რომ თითქოსდა ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. თუმცა დაცვის პოზიცია სამართლებრივი შემადგენელისგან აბსოლუტურად თავისუფალია. მტკიცებულებებს ისინი საერთოდ არ ითხოვენ, შესაბამისად, მე ვთვლი, რომ მათ პოზიციაში საღი აზრი ნაკლები არის. კომპიუტერებიდან ინფორმაციის აღდგენის კონტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოლოდინი გვაქვს. ეს იქნება ელექტრონული რუკები, რომლებსაც ისინი შეგნებულად არ იყენებდნენ. მაღალი ალბათობით, ექსპერტიზის შედეგად დადასტურდება, რომ ამ ადამიანებს საქმეში ნახსენები რუკები არა მხოლოდ მატერიალური სახით, არამედ ელექტრონული სახითაც ჰქონდათ“, – აცხადებს მიხეილ სადრაძე.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

8 ოქტომბერს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დღეს, 27 ნოემბერს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.

წყარო: ptn.ge