ოკუპაცია მუდმივად ვერ გაგრძელდება, უნდა დასრულდეს, ადრე თუ გვიან, რუსეთი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან- ვოლსკი

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მუდმივად ვერ გაგრძელდება, ადრე თუ გვიან, რუსეთი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური თემების გადასაწყვეტად.

 

„მძიმეა ორმხრივი ურთიერთობები. ჰააგაში მიდის პროცესი, სასამართლო პროცესი გვაქვს, ერთი პროცესი მოვიგეთ, კიდევ ვაპირებთ მოვიგოთ პროცესი. არსებობს საქართველოს ინტერესი, რომ შეინარჩუნოს გარკვეული ფორმატის ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ბაზართან, რაც ჩვენი მეწარმეებისთვის არის კარგი. გარდა ამისა, მომავალში უნდა ვიფიქროთ, რომ ადრე თუ გვიან, გარკვეული წინაპირობების შემდეგ, იქნება იმის საშუალება, რომ რუსეთი არამხოლოდ დანარჩენ მსოფლიოს დაუჯდეს მოლარაპარაკების მაგიდასთან, არამედ საქართველოსაც, მათ შორის, პოლიტიკური თემების გადასაწყვეტად, ოკუპაცია მუდმივად ვერ გაგრძელდება, უნდა დასრულდეს“, -განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საავიაციო მიმოსვლასთნ დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არავითარი საშიშროება არ ემუქრებათ, პირიქით „რუსეთის მოქალაქეებს საშიშროება ემუქრებათ რუსეთში“.

„ რუსეთის მოქალაქეებიც უსაფრთხოდ იქნებიან, ამ ტურისტულმა წარმატებულმა სეზონმა ეს არაერთხელ გვაჩვენა. თავად რუსეთისთვის, პოლიტიკური ესტემბლიშმენტისთვის, არც მთლად სასიხარულოა, რომ რუსეთის მოქალქეები საქართველოში კარგად გრძნობენ თავს, ვინაიდან, ეს მათი პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებს. მეორე, არ დავივიწყოთ, რომ ასიათასობით ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ზოგი ორმაგი მოქალაქეობით, ზოგი რუსეთის მოქალაქეობით, არაფერი არ არის ამაში დასამალი, რომ მათაც ეს პირდაპირი ფრენები აწყობდეს. რასაკვირველია, რუსეთი ყოველთვის თავისთვის სასარგებლო განცხადებებს გააკეთებს. რუსეთის მოქალქეებს აქ არ ემუქრებათ არავითარი საშიშროება, რუსეთის მოქალაქეებს საშიშროება ემუქრებათ რუსეთში“,-განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა ახსენა და აღნიშნა, რომ საჭიროა, რუსოფობიული გამოხტომები შეწყდეს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომების ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ. რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, ქართული მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ფრენები რუსეთის მხარის ინიციატივით და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად შეწყდა.