საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მათ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის მორიგი შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
როგორც საქართველოს საგარეო უწყება განცხადების დასაწყისში პროლოგის სახით წერს, სამინისტრო, როგორც წესი, თავს იკავებს ამ ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტირებისგან, მათ შორის იმ მიზეზით, რომ “ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეები პოზიციებს გამოხატავენ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათი განხილვა, ან მით უმეტეს მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
“მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდეო-ტელეკონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრეს-რელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც, შესაძლოა, ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას”. – წერია განცხადებაში.
დავით ზალკალიანის უწყება “ხაზგასმით აღნიშნავს”, რომ საუბრის დროს არ განხილულა Covid-19-ის ვაქცინის საკითხი, ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მითუმეტეს არ დადასტურებულა “ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და “თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის შეხვედრას” პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისთვის იყენებს.
უწყების ცნობით, რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების აღნიშვნა ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც ერთადერთი ფორმატია, სადაც ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს თანათავმჯდომარეობითა და მოკავშირე აშშ-ს მონაწილეობით შესაძლებელია ამ საკითხებზე საუბარი.
“შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს.
აღვნიშნავთ ასევე, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ, დაგეგმილია 10-11 დეკემბერს”. – წერია განცხადებაში.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის მორიგი შეხვედრა, ახალი კორონავირუსის გამო ონლაინ გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ “დადასტურდა ორმხრივი შემართება 2019 წლის ზაფხულის ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების გადალახვისათვის.”
თუმცა, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა და “ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას პარლამენტთან აქცია მოჰყვა, სადაც რკინის ღობეზე სტენსილების დახატვის გამო ორი აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი დააკავეს. ისინი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.