ჩვენ შევდივართ შიმშილის და გაჭირვების დუღილის ფაზაში – თამარ ჩერგოლეიშვილი

შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არჩევნები ერთადერთი რაციონალური გამოსავალი იქნება არა იმდენად ოპოზიციის ბოიკოტის, არამედ სოციალური ფონის გამო – ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ის სკეფსისურად არის განწყობილი ოპოზიციის მიმართ და არ სჯერა, რომ ოპოზიციას შეუძლია გააკეთოს ის რასაც ამბობს.

“ეს ქვეყანა დალხენილი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა ვირუსის, ქართული ოცნების არაკომპეტენტურობის, არაანგარიშვალდებულების და უპასუხისმგებლობის გამო, ჩვენ შევდივართ შიმშილის და გაჭირვების დუღილის ფაზაში.

არ ვიცი, გამართლდება თუ არა ჩემი სკეფსისი ოპოზიციის შესახებ (მე კვლავ ეჭვის თვალით ვუყურებ მათ უნარებს, რაღაც გააზრებულად თქვან და მერე ის მტკიცედ გააკეთონ), მაგრამ ასეთი სოციალურ ფონზე, ვადამდელი არჩევნები და ახალი მანდატი შეიძლება იყოს ერთადერთი გზა ორთქლის გამოსაშვებად, რომ სახურავი არ აგვძვრეს.

მიტაცებული ძალაუფლება რადიკალურ დღის წესრიგს კვებავს. არჩევნები ერთადერთი რაციონალური გამოსავალი იქნება არა იმდენად ოპოზიციის ბოიკოტის, არამედ სოციალური ფონის გამო” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვს.

წყარო: report.ge