მაია სანდუმ დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა მოითხოვა

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა და რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა მოითხოვა.

 

„დნესტრისპირეთში რუსეთის ფედერაციის ჯარების ოპერატიული ჯგუფია განლაგებული. მოლდოვასთან ამის შესახებ შეთანხმება არასდროს გაფორმებულა. ამიტომაც ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ის არის, რომ ეს ჯარები უნდა გაიყვანონ. ამ საკითხის განხილვას რუსეთის ხელმძღვანელობასთან განვაგრძობ“, – განაცხადა მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მაია სანდუმ ასევე აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში რუსი მშვიდობისმყოფელები ეუთოს ეგიდის ქვეშ სამოქალაქო დამკვირვებლების მისიამ უნდა ჩაანაცვლოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ შეიარაღებული შეტაკებები უკვე დიდი ხანია არ ხდება, მოლდოვის პოზიცია ის არის, რომ ეს სამშვიდობო ოპერაცია ეუთოს ეგიდის ქვეშ სამოქალაქო მისიით უნდა ჩანაცვლდეს“, – დასძინა მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა.