ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოზე ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებები ტყუილებით იყო გაჯერებული.
მელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესზე გენერალური პროკურორისგან ახალი არაფერი მოუსმენია და მისთვის გაუგებარია, რა მოტივით უნდა ჩაედინა ის დანაშაული, რაშიც ბრალი ედება.
“გენერალური პროკურატურისგან არ მომისმენია დღეს რაიმე განსხვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაჯერებულია ტყუილებით… რაც გაკეთდა, ის არის ქვეყნისთვის სწორი”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა ილიჩოვასა და მელაშვილს სადემარკაციო სამუშაოების დროს საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკების გამოყენებაში ადანაშაულებს.
წყარო: ptn.ge