“მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა ფაქტიურად შიმშილისთვის გაწირა” – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.
მისი შეფასებით, თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი შიმშილისთვის გაიწირა. ბაირახტარის თქმით, ვინც დღეს ლოკდაუნს ამართლებს, ისინი ან ბოლომდე ვერც კი აცნობიერებენ მის ტრაგიკულ შედეგებს ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე, ან ამის გაცნობიერება უბრალოს არ სურთ.
“მოდი, მიმოვიხილოთ შეზღუდვები და პოტენციური შედეგებიც შევაფასოთ. პირველ რიგში გამკაცრდა კომენდანტის საათი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო მოთხოვნას, რომელიც ისედაც მინიმუმამდე იყო დასული. ამას ემატება ტრანსპორტის, სავაჭრო სფეროსა და სამასპინძლო დაწესებულებების გაჩერება. ახლა შევხედოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას – მშპ-ის ფორმირებაში წამყვან ადგილებს იკავებენ ეს სექტორები და საერთო სიკეთის 20%-ზე მეტის გენერირებას ახდენენ. ტურიზმი მშპ-ის 12%-ზე მეტის გენერირებას ახდენდა. ცხადია, ეს არ არის ჯანსაღი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოქმედი ეკონომიკური გუნდის არჩევანია და სწორედ ამაზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში, ეს გვესმოდა დღენიადაგ, რომ ტურიზმი უნდა ყოფილიყო ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი. სწორედ ამ პოლიტიკამ ჩააგდო საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში. საზღვრები დაკეტილია, ტურიზმიდან შემოსავლები 97%-ით არის შემცირებული და ერთადერთი წყარო როგორც ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ისე მისი მომიჯნავე დარგებისთვის, შიდა ტურიზმია. მთავრობამ შეზღუდვები ამ მიმართულებითაც დააწესა ზამთრის კურორტებზე. ეს ყველაფერი უკვე ჩვენი ეკონომიკის 40%-ს აღწევს და 40%-ით გაჩერებულ ეკონომიკას წერტილოვნად შეზღუდული უწოდოთ, ეს ცოტა უხერხულია და სიტყვების გადათამაშებით ჰგონიათ, რომ ხალხს ამითი მოატყუებენ” – აცხადებს აფბს-ის ვიცე-პრეზიდენტი.
მისივე თქმით, დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება, ეს პირდაპირ ნიშნავს დაკარგულ დაახლოებით 300 ათას სამუშაო ადგილს და მთლიანად ჩამოშლილ ისედაც არ არსებულ ეკონომიკას.
“დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება ნიშნავს დაკარგულ 300 000 სამუშაო ადგილს. არ დაგვავიწყდეს, რომ წინა “ლოკდაუნის” დროს უკვე დაიკარგა 100 000 სამუშაო ადგილი. ეს ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებულ მოსახლეობას და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას. ახლა რაც შეეხება იმ ფისკალურ სტიმულებსა და სოციალურ პაკეტებს, რომლებიც შეზღუდვების საპირწონედ აამოქმედა მთავრობამ. პირველი არის ქონების გადასახადის გაუქმება.
სამასპინძლო დაწესებულებები, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხო შეზღუდვები, იჯარას იხდიან კერძო მესაკუთრეებთან და მათ სხვა ქონება არ გააჩნიათ, შესაბამისად, ეს შეღავათი მათთვის მნიშვნელოვანი შვება არ არის. მეორე შეღავათი უკავშირდება საშემოსავლო გადასახადს, რომლის მიხედვითაც, 750-დან 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულები სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. თუმცა, თუ კომპანია თანამშრომლებს დაითხოვს, ისედაც არ უწევს ამის გადახდა. ასე რომ, არც ეს არის მათთვის დიდი შვება. კიდევ ერთი შეღავათი, რომელიც დაუწესდა სამასპინძლო დაწესებულებებს როგორც ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, არის სესხის პროცენტის სუბსიდირება. თუმცა, თუ ობიექტები ვერ მუშაობენ, მათთვის ძირი თანხის გადახდაც ძალზე პრობლემატურია, მაგრამ საგულისხმოა, რომ სხვა დარგებს ესეც არ შეხებია. სოციალურ პაკეტები ორი ტიპის გვაქვს – ერთჯერადი 300-ლარიანი და 6-თვიანი 1.200-ლარიანი. მაგალითად, სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რეგულაციების გამო გაჩერდებიან, მთავრობისგან მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას. რადგან შეზღუდვები 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, დახმარება თვეში რეალურად 150 ლარი გამოდის. 1.200-ლარიანი დახმარება 6 თვეზე ნაწილდება და მიიღებენ ისინი, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებული და სამსახური შეზღუდვების დროს დაკარგა. მკითხველმა განსაჯოს, რამდენად შესაძლებელია ზრდასრულმა ადამიანმა თვეში 200 ან 150 ლარად გაიტანოს თავი. ეს თანხა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზეც ნაკლებია. სხვა საკითხია ამ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია და რეალურობა. შეიძლება ითქვას, მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ შიმშილისთვის გასწირა. ჯერ ერთი, ეს სოციალური პაკეტები ვერ პასუხობს გამოწვევებს, და მეორე – მათი ამოწურვის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ კი ახალი სამსახურის შოვნას, ვინაიდან ბიზნესების უდიდესი ნაწილი რეანიმირებას უბრალოდ ვეღარ შეძლებს!!!” – აცხადებს პაატა ბაირახტარი.
წყარო: report.ge