ქართველების 31%: ”თურქებზე ქართველი ქალების გათხოვება დასაშვებია”

თუ 2009-2010 წლებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 19% ამართლებდა ქართველი ქალების ქორწინებას თურქებზე, 2010 წლის (ანუ თურქული სერიალების ქართულ ტელესივრცეში გამოჩენის) შემდეგ ამ მონაცემმა ნელ-ნელა ზრდა დაიწყო და 2017 წელს ამას უკვე მოსახლეობის 31% ამართლებდა” – აღნიშნავს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი თავის სტატიაში “რბილი ძალის” თავისებურებანი თურქული სერიალების მაგალითზე”, რომელიც ამა წლის ზაფხულში გამოქვეყნდა “თბილისიპოსტზე“. გთავაზობთ ამ მასალას:

ზურაბ ბატიაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ჯოზეფ ნაიმ 80-იანი წლების ბოლოს მსოფლიოს გააცნო ახალი ტერმინი “რბილი ძალა”. მისი განმარტებით, “რბილი ძალა” სახელმწიფოს უნარია, ხისტი ძალის გამოყენების გარეშე დადებითი განწყობებისა და დამოკიდებულებების შექმნით გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სისტემის სხვა აქტორებზე. ეს არის კულტურული ძალა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოები ახდენენ საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზებას. იგი ეფუძნება სამ ძირითად წყაროს: კულტურა, პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა.

რბილ ძალას ძირითადად დიდი სახელმწიფოები იყენებენ როგორც პატარა ქვეყნების, ასევე ერთმანეთის მიმართ (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა). მიუხედავად იმისა, რომ ამას ისინი განსხვავებული ფორმებითა და მეთოდებით იყენებენ, არსი და შედეგები მაინც ერთია – მოახდინონ ამ ქვეყნებზე სერიოზული კულტურულ – ეკონომიური და საგარეო გავლენა. (ესაა შიშისა და სიყვარულის ერთგვარი ჰიბრიდი თანამედროვე გაგებით).

ძლიერი ქვეყნის „რბილი ძალა“ ძირითადად ეყრდნობა სამ რესურსს: კულტურა, პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა. პრინციპული და მნიშვნელოვანი ის არის, რომ რბილი ძალა იმიტომაც არის კულტურული ძალა, რომ მისი გამოყენება მხარეთა ორმხრივი ნების შედეგად ხდება და არა ძალადობრივი და თავს მოხვეულია.

„რბილი ძალის“ ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია კულტურული „რბილი ძალა“, რომელიც ძირითადად პოპ-კულტურის, მხატვრული ფილმების და სერიალების „არსენალით“ არის წარმოდგენელი.

კულტურული „რბილი ძალის“ გავლენის მექნიზმების და შედეგების დემონსტრაციისთვის ყურადსაღებად მიგვაჩნია გაგაცნოთ,  რონდელის ფონდის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილის პუბლიკაცია – „„რბილი ძალის“ თავისებურებანი თურქული სერიალების მაგალითზე“, რომელიც დაიბეჭდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო  ურთიერთობათა კვლევის ფონდის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  მხარდაჭერით.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი გახდა „რბილი ძალის“ (Soft Power) ფენომენი, რამდენადაც მისი გამოყენება შესაძლებელია საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამ ეტაპზე „რბილ ძალას“ უკვე აკადემიურად უდგებიან და იკვლევენ. საინტერესოა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ხდება ქვეყნების „რბილი ძალის“ ინდექსის დაანგარიშება.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა თურქული სერიალები, რაც თურქული „რბილი ძალის“ შემადგენელი ნაწილია და რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოშიც) თურქეთის იმიჯის გაუმჯობესების საქმეში.

სერიალები, როგორც თურქული „რბილი ძალის“ შემადგენელი ნაწილი და მისი ადგილი მსოფლიოში თურქული „რბილი ძალა“ მრავალფეროვანია და მისი შესწავლა სამეცნიერო წრეებში აქტიურად მიმდინარეობს. როგორც სხვა ქვეყნებში, თურქეთშიც „რბილი ძალა“ ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, თავისი სპეციფიკაც აქვს. მაგალითად, თურქული „რბილი ძალის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თურქული სერიალები, რაც სხვა ქვეყნების „რბილი ძალის“ ინდექსის დაანგარიშებისას ნაკლებად აქტუალურია.

თურქული სერიალები პოპულარულია თურქეთსა და მის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით, არაბულ სამყაროსა და ბალკანეთში (ანუ ძირითადად ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე). ბოლო პერიოდში სერიალების საშუალებით ამ ქვეყნებში საგრძნობლად გაუმჯობესდა თურქეთის იმიჯი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბევრი თურქული სერიალი და მსახიობი უცხოეთში უფრო პოპულარულია, ვიდრე საკუთარ სამშობლოში.

თურქული სერიალების საშუალებით ხდება როგორც თურქეთის იმიჯის „გამოსწორება“, ისე თურქეთში ტურისტთა რაოდენობის გაზრდა. მაყურებლებს სურვილი აქვთ საკუთარი თვალით ნახონ სერიალებში მოხვედრილი ადგილები.

ამ სექტორში მომუშავე კომპანია  Global Agency-ს დამფუძნებელმა იზეთ პინტომ განაცხადა, რომ 2009 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში თურქეთში 4 350%-ით გაიზარდა ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების რაოდენობა და მისი შეფასებით, ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ თურქულ სერიალებს მიუძღვის.

ამასთან, სწორედ თურქული სერიალების წყალობით დამატებითი თანხები შედის თურქეთის ეკონომიკაში და, განსაკუთრებით კი, მის სატელევიზიო ინდუსტრიაში. თუ 2007 წელს თურქული სერიალების ექსპორტისაგან შემოსავალი მხოლოდ 1 მლნ აშშ დოლარი იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 500 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. იმავე 2018 წელს თურქულ სერიალებს უყურა 700 მილიონმა ადამიანმა მსოფლიოს 146 ქვეყანაში.4 თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში 1,67 მლრდ სახლშია ტელევიზორი,5 700 მლნ სერიოზული რიცხვია.

თურქულმა Think-Tank-ma Turkish Economic and Social Studies Foundation (TESEV) 2012 წელს ახლო აღმოსავლეთის 16 ქვეყანაში ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ¾-ს ნანახი ჰქონდა თურქული სერიალები. საგულისხმო ფაქტია, რომ იმავე კვლევის მიხედვით, ამ ქვეყნებში ისევ ¾-ის (ქვეყნების მიხედვით მერყეობს 70-78 %-ს შორის) ფარგლებში იყო თურქეთის მიმართ დადებითი განწყობის მაჩვენებელი.

ანუ აშკარად იკვეთება კავშირი თურქული სერიალების ყურებასა და თურქეთის მიმართ დადებითი განწყობის შექმნას შორის. თურქულ სერიალებს ინტენსიურად უყურებენ როგორც თურქულენოვან სამყაროში (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ა.შ.), ისე ბალკანეთის ქვეყნებში.

საინტერესო ფაქტია, რომ თურქული სერიალები პოპულარულია ბალკანეთის როგორც მუსლიმურ, ისე ქრისტიანულ ქვეყნებში. საბერძნეთში სასულიერო პირებიც კი გამოვიდნენ თურქული სერიალების ტელევიზიით ჩვენების წინააღმდეგ. ამ მხრივ ყველაზე საინტერესო ვითარება შეიქმნა მაკედონიაში, სადაც სატელევიზიო სივრცე თითქმის მთლიანად თურქულმა სერიალებმა დაიკავა. მაკედონიის ხელისუფლება იძულებული გახდა სპეციალური კანონიც კი მიეღო, რითაც აიკრძალა დღისით და „პრიმე-თიმე“-ში თურქული სერიალების ჩვენება, რათა შეეზღუდათ თურქული „რბილი ძალის“ გავლენა მაკედონიურ საზოგადოებაზე.

როგორც მაკედონიის ინფორმაციისა და საზოგადოებრივ საკითხთა მინისტრმა ივა ივანოვსკიმ განაცხადა, „ისინი (სერიალებიმომხიბვლელიამაგრამ 500-წლიანი მონობაც საკმარისია“. – აქ მან მონობაში მაკედონიაში ხანგრძლივი ოსმალური მმართველობა იგულისხმა.

ბოლო პერიოდში, თურქეთთან გაუარესებული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც ცდილობენ თურქული სერიალების შეზღუდვას. მაგალითად, 2020 წლის 10 თებერვალს ეგვიპტის ოფიციალურმა რელიგიურმა საბჭომ გამოსცა ფეტვა, რომელშიც ადგილობრივ მორწმუნეებს მოუწოდებენ, არ უყურონ თურქულ სერიალებს, რადგან მათი შეფასებით, აღნიშნული პროდუქციის ტირაჟირება „ემსახურება ოსმალეთის იმპერიის აღდგენის საქმეს… ამისთვის მთელი ძალით იყენებენ პოლიტიკას, სარწმუნოებას, ასევე კულტურასა და ხელოვნებასაც კი“.

სერბი სოციოლოგების შეფასებით, ბალკანეთის ქვეყნებში თურქული სერიალების პოპულარობის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ის ეფუძნება ტრადიციულ, პატრიარქალულ ფასეულობებს და არსებობს მსგავსება თურქულ და ბალკანურ კულტურებს შორის. ისევ მათი შეფასებით, ბალკანეთის ქვეყნებში მოხდა დრამატული ცვლილებები ოჯახთა ცხოვრების სტილში, ხოლო თურქულ სერიალებში ხდება დაკარგული და მივიწყებას მიცემული ფასეულობების გაცოცხლება. მსგავსი სიტუაციაა საბერძნეთშიც.

როდესაც ბერძნებს ეკითხებიან თურქული სერიალების პოპულარობის მიზეზს, ისინი პასუხობენ, რომ თურქებსა და ბერძნებს აქვთ მსგავსი ოჯახური სტრუქტურა, კულტურა, ურთიერთობები ადამიანებს შორის და ემოციური დამოკიდებულება.

რამდენად ძლიერია თურქული „რბილი ძალა“? მსოფლიო მასშტაბით უკვე 10 წელია ზომავენ სხვადასხვა ქვეყნის „რბილ ძალას“.  როდესაც 2010 წელს პირველად დაითვალეს ამის მიხედვით ქვეყნების ინდექსი, თურქეთი 25-ე ადგილზე გავიდა (ერთი პუნქტით გადაასწრო რუსეთს).

მართალია, ბოლო მონაცემებით, თურქეთს მსოფლიო „რბილ ძალათა“ ცხრილში 29-ე ადგილი უკავია, მაგრამ ამ კუთხით მისი გავლენა მთელ რიგ ქვეყნებში, რომელთანაც მას გეოგრაფიული სიახლოვე, ენობრივი, კულტურული, რელიგიური და ისტორიული კავშირები აქვს, გაცილებით მაღალია. ამასთან, თურქეთი ზოგიერთ ქვეყანაში საგრძნობ გავლენას ახდენს კონკრეტულ თემებზე.

 

თურქული „რბილი ძალა“ სერიალების სახით საქართველოში ფეხს იკიდებს 2010 წლიდან.

მართალია, საქართველოში თურქულ სერიალებთან დაკავშირებით დიდი სოციოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ქვეყანაში ძალიან  პოპულარულია.

ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მეტნაკლებად პოპულარული ქართული არხები ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ამ სერიალების შეძენა-ტრანსლაციაში, ისე მათში მოთამაშე თურქი მსახიობებისთვის ინტერვიუების ჩამორთმევაში.

ტელეკომპანია „იმედმა“ 2013 წლის 25 აგვისტოს გადმოსცა ინფორმაცია, რომ 2 ათასზე მეტი რესპონდენტის მონაწილეობით ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის სერიალებია უფრო მიმზიდველი საზოგადოებისთვის, გამოკითხულთა უმრავლესობამ თურქული და ქართული სერიალები დაასახელა.

მსგავს შედეგებს ვხედავთ 2013 წლის ივნისში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მომზადებულ ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ: „რესპონდენტები ინტერესით უყურებენ ქართულ და თურქულ სერიალებს. ისინი ამბობენ, რომ ქართული და თურქული სერიალების შინაარსი უფრო „რეალური“ და ნაცნობია, ვიდრე სამხრეთამერიკული სერიალებისა“.

საკითხისადმი ქართველი მაყურებლების მიდგომა ზოგადად წააგავს ბალკანელების დამოკიდებულებას. ორივე შემთხვევაში აქცენტი კეთდება საერთო ფასეულობებსა და კულტურაზე.

მაგალითად, ქართველმა რესპოდენტებმა კვლევისას განაცხადეს: „სავაში (ერთ-ერთი სერიალის პერსონაჟი) ძალიან მიყვარს. იდეალური მამაკაცია, მინდა, რომ ასეთები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და საერთოდ მამაკაცი“; „ოჯახური ტრადიციები, რამდენიმე თაობა ერთად რომ ცხოვრობს… ქალები ოთახში და მამაკაცი გარეთ. აკვანიც დავინახე. კიდევ ქალიშვილობის ინსტიტუტი, თუმცა ეს ტრადიცია ჩვენშიც იკლებს და, როგორც ჩანს, თურქეთშიც. კაცების ჰეგემონიაა ქალებთან შედარებით. თურქულ სერიალებშიც ერიდებიან გადამეტებულ სექსუალურ სცენებს და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. მნიშვნელოვანია ნათესაური კავშირები.

ქართველები თურქულ სერიალების თაობაზე მსჯელობენ სოციალურ ქსელებშიც: „ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ მათ ტრადიციებზე. მაგალითად, ოჯახური ტრადიციები, როცა რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. გლოვაც მსგავსი გვაქვს — წივილ-კივილით და თავში ხელის ცემით. ქალიშვილობის ინსტიტუტი… იქაც აქვთ ტერმინი — რას იტყვის ხალხი?“

უნდა აღინიშნოს, რომ თურქული სერიალების საქართველოში შემოსვლა მოხდა „რბილი ძალისთვის“ დამახასიათებელი კლასიკური მეთოდით — პროცესში ნებაყოფლობითი მონაწილეობით.

2013 წელს, როდესაც ქართულ ტელესივრცეში თურქული სერიალების შემოსვლა იწყებოდა, ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, რომ თურქული სერიალები მთელ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულია და თუ ქართულ არხებზე აქამდე არ გადიოდა, ეს ტელეკომპანიების მფლობელთა უვიცობის ბრალი იყო.

მისი სიტყვებით: „თურქები ნამდვილად არ მოსულან და არ შემოუთავაზებიათ ჩვენთვის. ჩვენ მივედით მათთან. არც იაფად მოუციათ. ნამდვილად ბევრი ფული გადავიხადეთ. ასე რომ, თურქები არაფერ შუაში არიან, ეს ყველაფერი ჩვენი მარკეტინგული გათვლაა“.

ზოგიერთ შემთხვევაში, თურქული სერიალები პირდაპირ და მკაფიო გავლენას ახდენენ საქართველოს საზოგადოებაზე. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გავლენები სხვადასხვა კუთხესა და თემში სხვადასხვა დოზითაა წარმოდგენილი.

მაგალითად, 2018 წელს საქართველოში დაბადებულ 159 ბავშვს დაარქვეს თურქული სერიალების გმირთა სახელები: მათგან 32-ს — ონური, 65-ს — დამლა, 35-ს — ზეჰრა და 27-ს — ელიფი.20 მართალია, ამ 159 ბავშვიდან 112 ქვემო ქართლზე მოდის,21 სადაც აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებში ძალზე პოპულარულია თურქული არხები, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს თავად ფაქტი, რომ თურქულ სერიალებს ამხელა გავლენა აქვს.

ასევე საინტერესო ფაქტია, რომ, ჩვენი დაკვირვებით, იმავე მოსახლეობაში, თურქული არხებისა და სერიალების გავლენით, ნელ-ნელა მკვიდრდება თურქული სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ანაცვლებს აზერბაიჯანულ ანალოგებს.

საინტერესოა, როგორი იყო თურქეთისა და თურქების მიმართ საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება და როგორ იცვლებოდა იგი წლების მიხედვით. ამის საჩვენებლად ჩვენ გამოვიყენებთ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულ ე.წ. „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემებს.

თუ 2009-2010 წლებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 19% ამართლებდა ქართველი ქალების ქორწინებას თურქებზე, 2010 წლის (ანუ თურქული სერიალების ქართულ ტელესივრცეში გამოჩენის) შემდეგ ამ მონაცემმა ნელ-ნელა ზრდა დაიწყო და 2017 წელს ამას უკვე მოსახლეობის 31% ამართლებდა.

მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა სხვა მაჩვენებლებშიც. მაგალითად კითხვაზე, „რომელი ქვეყანა მიგაჩნიათ საქართველოს მთავარ მეგობრად?“, 2013 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა დაასახელა ასეთად თურქეთი. მაგრამ 2017 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და უკვე 6% შეადგინა.  ამავე პერიოდში საქართველოში გაიზარდა თურქული ენის მცოდნეთა რაოდენობა. მაგალითად, თუ 2017 წელს (უფრო ადრე ენის ცოდნის შესახებ გამოკითხვა არ ჩატარებულა) გამოკითხულთა 15% აცხადებდა, რომ ამა თუ იმ დონეზე ფლობდა თურქულ ენას, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 17%-მდე გაიზარდა.

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ზემოხსენებული ტენდენციები მთლიანად ქართულ ტელესივრცეში თურქული სერიალების შემოსვლამ გამოიწვია და არც იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ  ამ საქმეში სერიალების წვლილის პროცენტულობა დაგვედგინა, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ეს ტენდენციები საქართველოში 2010 წლის (ანუ თურქული სერიალების შემოსვლის) შემდეგ შეინიშნება. ამასთან, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილებაც, სადაც ბევრი ქვეყნის მაგალითებიც გვიჩვენებს კორელაციას იმ ადამიანთა რაოდენობას შორის, რომლებიც უყურებენ თურქულ სერიალებს და რომლებიც დადებითად არიან განწყობილი თურქეთის მიმართ.

დასკვნები:

  • თურქული სერიალები თურქული „რბილი ძალის“ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია;
  • ნებისმიერი ქვეყნის „რბილი ძალის“ პირდაპირი მართვა ძნელია როგორც იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს, ისე გარე ძალებისთვის;
  • თურქულმა „რბილმა ძალამ“ (მათ შორის სერიალებმა) უკეთესობისკენ შეცვალა თურქეთის სახელმწიფოსა და თურქული კულტურის იმიჯი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც;
  • თურქული სერიალების გავლენა მაღალია თურქეთის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოშიც და ეს გავლენა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება;
  • მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, თურქულ სერიალებს ქართულ ტელესივრცეში მომავალშიც ექნება საკუთარი ადგილი;
  • თურქული „რბილი ძალის“ (მათ შორის სერიალების) გავლენა განსაკუთრებით მაღალია აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებზე, რაც, სავარაუდოდ, დიდხანს შენარჩუნდება;
  • მნიშვნელოვანია, რომ თურქული „რბილი ძალის“ საკითხი კონკრეტულმა ჯგუფებმა არ განიხილონ პოლიტიკურად მოტივირებული ანტიდასავლური (და ანტითურქული) კამპანიის ან კამპანიების ფარგლებში.