“13-14 წლის ბიჭები მუსიკის ფონზე იხდიან და იცით, რეებს აკეთებინებენ?” – რა აღმოაჩინა მშობელმა შვილის ტელეფონში

„პრაიმტაიმს“ ესაუბრა 13 წლის ბიჭის დედა, რომელიც სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს. სოფია რ. მშობლებს მეტი ყურადღებისკენ, სახელმწიფოს კი სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

სოფიას თქმით, მან აღმოაჩინა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში იყო გაწევრიანებული, სადაც ბავშვებს აშანტაჟებენ და აბულინგებენ.

სოფია ყვება, რომ მას დაუკავშირდა მისთვის უცნობი ქალბატონი გორიდან, რომლის ოჯახის წევრი ასევე გაწევრიანებული იყო ზემოხსენებულ ჯგუფში. ქალმა ტელეფონში შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრი შანტაჟის მსხვერპლია.

„მინდა მივმართო გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების მშობლებს. „ფეისბუქში“ შექმნილია ჯგუფები, სადაც ბავშვებს აშანტაჟებენ, აღებინებენ ვიდეობს, რომლებსაც ავრცელებენ თავიანთი ჯგუფებში. ბავშვები ხმას ვერ იღებენ, არიან ფსიქოლოგიურად განადგურებულები.

არაერთი მშობლები შემეხმიანა უკვე. ძალიან გთხოვთ, მიაქციეთ ბავშვებს ყურადღება და მაქსიმალურად გააკონტროლეთ მათი აქტივობა ინტერნეტთან. საშინელება ხდება. აბსოლუტურად უცხო მშობლებს ვესაუბრე, გაოგნებულები არიან.

15, 16, 17 წლის ასაკის ბავშვები, კიდევ უფრო პატარებს აშანტაჟებენ რაღაც ვიდეოების და ფოტოების გავრცელებით.

ჩემი შვილიც გაწევრიანებული იყო ამ რაღაც საზიზღარ ჯგუფებში, რომელსაც უკვე ავუკრძალე ყველაირი წვდომა ინტერნეტთან. ვეჭვობ, რომ ამ ჯგუფების უკან ზრდასრული ადამიანები დგანან. მე გადარჩენილი ვარ, ჩემი შვილის რაღაც ფეიკ გვერდი გააკეთეს და იქ იმით აბულინგებდნენ, თუმცა ვიცი, რომ ამ ჯგუფებში ვრცელდება ვიდეობი ბავშვებზე და მიდის უმოწყალო ბულინგი, დაცინვა, შანტაჟი. ეს ბავშვებს ფსიქოლოგიურად ანადგურებს და ვინ იცის, იქნებ თვითმკვლელობამდეც მიჰყავს ისინი ამ ყველაფერს.

სასწრაფოდ რეაგირებაა საჭირო. რეაგირება, როგორც მშობლებისგან, ისე სახელმწიფოსგან. გორი, ზუგდიდი, თბილისი – საიდან აღარ უკავშირდებიან ერთმანეთს გამწარებული მშობლები, რომელთა შვილებიც ასეთი მარაზმის მსხვერპლნი გახდნენ, თუმცა ბევრი პოლიციაში არ მიდის. ამიტომ მოვუწოდებ საჯაროდ ყველას, რომ მოხდეს რეაგირება, თან დაუყოვნებლივ. უამრავი ბავშვია ჩართული ამ ყველაფერში. შანტაჟის გზით ბავშვებს ათქმევინებენ, რომ „მე ასეთი ვარ“, „მე ისეთი ვარ“ და შემდეგ ამას უვრცელებენ. 13-14 წლის ბიჭები მუსიკის ფონზე იხდიან და იცით რეებს აკეთებენ ხალხო, გაოგნებული ვარ. მე ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფების უკან ვიღაც ფსიქოპატები დგანან“, – ამბობს სოფია რ.