თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ქვეყანაში არ უნდა მოკვდეს პოლიტიკური ცხოვრება, რადგან მისი თქმით, ეს გაცილებით უფრო უარესი იქნება, ვიდრე ახლა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ეგოს დაძლევა და გადაბიჯება სიტყვებზე პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.
“დღის კურიერში” თინა ხიდაშელი მის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ “ლიდერები იმისთვის არსებობენ, რომ ხალხს გაუძღვნენ და არა გაბატონებული აზრების მსხვერპლი იყვნენ – იქნება ორკვირიანი გმობა ყველა იმ ადამიანის, ვინც პირველი გადადგამს ნაბიჯს, მერე მას ყველა მიჰყვება და შევა პარლამენტში”.
“ჩემი პოზიცია რჩება იგივე, რაც მქონდა პირველ ნოემბერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური რწმენა მაქვს და ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისი, რომ არჩევნები გაყალბდა და განსხვავებით სხვა არჩევნებისგან ამ არჩევნებში 2-3%-იანი გაყალბებაც კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა წინა პარლამენტისგან განსხვავებით, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის პარლამენტი ავირჩიეთ დღეს და შესაბამისად, შანსი ჩნდებოდა კოალიციური მთავრობის 2-3%-იანი სხვაობის შემთხვევაშიც კი, ამიტომ აქ რაღაც დიდი და გრანდიოზული გაყალბება არ იყო საჭირო, იმისათვის, რომ განსხვავებული შედეგი მიგვეღო. მე ვფიქრობ, რომ ცოდოა ეს ქვეყანა იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში დავაბრუნოთ, ამჯერად უკვე ჩვენი თანამონაწილეობით, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სიბრაზე და პრობლემის მასშტაბით. 30 წელია ამ ქვეყანაში მცირე გამონაკლისის გარდა, გაყალბების სხვადასხვა მასშტაბი სახეზე იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ უნდა მოკვდეს საქართველოში, ეს გაცილებით უფრო უარესი იქნება, ვიდრე ახლა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ეგოს დაძლევა და გადაბიჯება იმ სიტყვაზე, რომელიც თქვეს არ შესვლასთან დაკავშირებით,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
“:რუსთავი2”