რატომაა ”ცისფერი მთები” გენიალური ფილმი, რომელმაც ეპოქის ყველა ორომტრიალს გაუძლო!

რატომაა ”ცისფერი მთები” გენიალური სურათი?
ფილმი, რომელიც აგერ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია ინარჩუნებს პოპულარობასა და აქტუალობას, და რომელიც ჩემზე 40 წლით უმცროს ჩემს ქალიშვილს თითქმის ისევე მოსწონს, როგორც მე, ალბათ, იმსახურებს ესოდენ აღმატებულ განსაზღვრებას და, ჩემი აზრით, არა მარტო ერთი უკვდავი რემარკის (”გაიტანეთ გრენლანდია”) გამო!

 


სხვა, მეორეხარისხოვანი (თუმცა, აქაც ტიპაჟთა მდიდარი პალიტრაა სახეზე) გმირების ფონზე გამოირჩევა ორი: უსიმპატიურესი ცინიკოსი ბატონი დირექტორი (თემიკო ჩირგაძე) და ნიჭიერი და გულანთებული დამწყები მწერალი (რამაზ გიორგობიანი), რომელიც თანდათან თვალსა და ლიფტს შორის მეტრომშენის ”კასკით” ხელში ევოლუციონირებს და ფილმის ბოლოსთვის თავადაც ისე ემსგავსება დირექტორს, ვითარცა ლანცელოტი დრაკონს (ოღონდ ეს ტენდენცია ფილმში ბოლომდე მიყვანილი განზრახ არაა).
ასეთ გულგრილ და ”ჩაუძირავ” დირექტორთა კასტა (არ ვიცი, ასე ჰქონდათ თუ არა ჩაფიქრებული რეზო ჭეიშვილსა და ელდარ შენგელაიას, მაგრამ კარგად კი გამოუვიდათ) ქართულ რეალობაში ყოველთვის დიდ პატივისცემაში იყო, არის და – გული მიგრძნობს – კიდევ დიდხანს იქნება.
თემიკო ჩირგაძის გმირმა იცის თამაშის უცვლელი წესები და აღიარებს მათ – უკვე ლეგიტიმირებული ინტუიციის დონეზე. გრძნობს საკუთარი თავისა და საკუთარი ქცევის ოპტიმალობას – მთავარია, დროზე ჩააბაროს სადაც ჯერ არს საშტატო განრიგი და წლიური ბალანსი.
დრომ და ეპოქამ დაადასტურეს მისი სოციალური ფუნქციის ინვარიანტულობა: ის საჭირო იყო, არის და იქნება ყოველთვის – ვასილ პავლოვიჩის დროს, ედუარდის დროს, თქვენ წარმოიდგინეთ გარკვეულწილად ზვიადის, ჯაბასა და თენგიზების დროსაც; რა თქმა უნდა, მიშას დროს და, ცხადია, ბიძინას დროს… მოთხოვნილება ასეთი ფუნქციის მატარებელ და გარემოზე მორგებულ მოხელეებზე არ შემცირდება (თუ არ გაიზრდება) არც მთავრობაში, არც პარლამენტში, არც ფინანსურ ელიტაში. წყობას მნიშვნელობა არა აქვს. იმასაც კინ არა აქვს მნიშვნელობა, მძვინვარებს ქვეყანაში კოვიდი თუ არც ისე.
და, რაც მთავარია, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას შემოუტანს კაბინეტში განსახილველად ასეთ დირექტორს მის კეთილგანწყობაზე ათასი ძაფით გამობმული და მასზე ესოდენ დამოკიდებული ახალგაზრდა ნიჭიერი კაცი – გენიალურ მოთხრობას თუ აშკარა სისულელეს, ”ტიან-შანსსა” თუ ”ცისფერ მთებს”, არც ერთ მათგანს თუ ორივეს ერთად. ყველაზე დიდი პრობლემა დირექტორისთვის მაინც გახდება არა მოტანილის შინაარსი ან, თუნდაც, ფორმა, არამედ აი ეს – ”ამას ორი სათაური რად უნდა, კაცო”? და სწორედ ასეთ მიდგომაშია მისი – როგორც სოციალური ჯგუფის ტიპიური წარმომადგენლის – უძლეველობისა და მდგრადობის საგარანტიო ფორმულა.
ერთი სიტყვით, ასეთი ”პან დირექტორი” ძალიან ხშირი ტიპაჟია – ყველა სფეროსა და ყველა დროში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასე ჩვეულ და მშობლიურ ქართულ გარემოში.
ჰოდა, ჭეშმარიტად გენიალური ფილმია ”ცისფერი მთები”. მიმდინარე ეპოქის ყველა ორომტრიალს გაუძლო!
გ.ლ.

მწერალი, გოგი ლორთქიფანიძე