აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საფრანგეთის სენატის რეზოლუციას აკრიტიკებს, რომლითაც ის მთავრობას მოუწოდებს, აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.
აზერბაიჯანის ლიდერი მათ, ვისაც „სომხეთის მეორე სახელმწიფოს“ შექმნა სურს, სთავაზობს, საკუთარი ტერიტორიის ნაწილი გამოყონ და ნუ განაგებენ „აზერბაიჯანის კანონიერ მიწებს“.
„თუკი ვინმეს სურს სომხეთს შესთავაზოს ტერიტორია მეორე სახელმწიფოს შესაქმნელად, მისცეს მას საკუთარი ტერიტორიის ნაწილი. ჩვენგან იმის მოთხოვნა, რომ ისტორიულ, კანონიერ აზერბაიჯანულ მიწაზე შეიქმნას სომხური სახელმწიფო – ეს რომელ ლოგიკაში ჯდება? ეს არც ლოგიკაში ჯდება და არც სამართლიანობაში. რა დაგრჩენიათ ჩვენ მიწებზე? აქედან ათასობით კოლომეტრით დაშორებულ ქვეყანაში დღეს კანონებს იღებენ, პარლამენტები განიხილავენ ამ საკითხს. რა ურთიერთობა აქვს საფრანგეთის პარლამენტს ჩვენ საკითხთან?“, – განაცხადა ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვისას.
მანვე საფრანგეთი დაადანაშაულა იმაში, რომ როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ის საკითხის გადაჭრას ხელს არ უწყობს.
„რამდენი წელია საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა? რაიმე გააკეთა? გადადგა პრაქტიკული ნაბიჯი ამ საკითხის გადასაჭრელად? ახლა კი, მას შემდეგ, რაც საკითხი გადაიჭრა, ნახეთ რა ხდება? საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიარონ. თუკი ისინი მოგწონთ, ომის პერიოდში ვამბობდი, მიეცით მათ ქალაქი მარსელი, შეუცვალეთ მას სახელი, შეუქმენით მათ იქ მეორე სახელმწიფო. ვერავინ ჩაერევა ჩვენ საქმეში“, – განაცხადა ალიევმა.