COVID-19-ის ვაქცინა გაეროში რუსული ვაქცინა Sputnik V-ს პრეზენტაცია იმართება

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღეს რუსეთში შექმნილ ანტიკორონავირუსულ ვაქცინას წარადგენენ და დეტალურად ისაუბრებენ მასზე.

 

 გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა და ჯანდაცვის სამინისტრო დღეს კორონავირუსის ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ პრეზენტაციას გამართავენ, იუწყება РИА Новости.

„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დირექტორი კირილ დმიტრიევი“, — აცნობა სააგენტოს წარმომადგენლობის პრესმდივანმა ფედორ სტრჟიჟოვსკიმ.

მისი თქმით, ვირტუალური ღონისძიება „სპუტნიკ V:  COVID-19–ის ვაქცინა“ გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის ფარგლებში გაიმართება და სხდომაზე რუსული პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ზაფხულის ბოლოს დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო ცენტრმა შექმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. პრეპარატს სახელად „სპუტნიკ V“ ეწოდა. ის ადამიანის უკვე შესწავლილი და შემოწმებული ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე შეიქმნა. ამგვარი მეთოდით შექმნილი ვაქცინის ძირითადი უპირატესობები — ეს  უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არქონაა.