ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, ბებია გარდაეცვალა, ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, მინდა პირადი განცხადება გავაკეთო ჩემს ოჯახთან დაკავშირებით“, – თქვა მან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტების მხრიდან გარკვეული „თავდასხმა“ ხორციელდება.
„არ შემიძლია ეს ფაქტი გამოხმაურების გარეშე დავტოვო. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა და ყველა ვხვდებით, რომ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ჯანდაცვის სამინისტრო იმყოფება.
ამის ფონზე ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რაც ნამდვილად არასწორია.
ვიაზრებ, რომ მე ვარ საჯარო პირი და ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იყოს პასუხგაცემული, მაგრამ როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებს და შვილებს, მიმაჩნია, რომ ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე დღესაც მიმდინარეობს და მათ აქვთ საკმაოდ რთული დღე, ვინაიდან გარდაცვლილია ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მიუხედავად ამისა ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას.
არ ვეხმაურები არცერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას. საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა შესაფერისი პასუხი, მაგრამ ის რაც დღეს მიმდინარეობს, ეს საზოგადოებისგან დასაგმობია. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას შესაბამის პასუხს გასცემს“ , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის განათლების, ოჯახისა და მათი მდგომარეობის შესახებ დაახლოებით აქტიურად ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში.
“ალია”