„გუშინ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერს დაურეკეს უცებ, ერთდროულად, ერთ დღეს გაახსენდათ, რომ მათი სასამართლო სხდომები განახლდება. ეს უკვე პირდაპირი წნეხია”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლო პროცესი მისსა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეც განახლდეს.
„ვინც მიცნობდა, იცის ჩემი პოზიციები, ვინც არ მიცნობდა და ვერ მოასწრო ჩემი გაცნობა და ბადრი ჯაფარიძის გაცნობა, მგონი დარწმუნდა იმაში, რომ პოლიტიკაში არ მოვსულვართ იმისთვის, რომ ან საკუთარი თავი დაგვეცვა, ან რაღაც სხვა ამბიცია გვქონოდა. აქ ერთადერთი მიზანია – ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა ამ ეკონომიკური მდგომარეობიდან, ამიტომ მოვედით პოლიტიკაში, თორემ ვიქნებოდით გვერდიდან მაყურებელი, რაც არასდროს გაგვიკეთებია. ამიტომ ის გზავნილი, რაც სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ იქნა გაჟღერებული, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს მიმართაც იგივე მეთოდი გამოიყენონ და ხვალ და ზეგ დაგვიბარონ. ძალიან წყნარად შევხვდებით ამას,“ – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომები განახლდა.
ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის ხელშეკრულების დარღვევაში და პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.
წყარო: itv.ge