თურქული ერთობა ყარაბაღის ომის შემდეგ და საქართველო – ინტერვიუ გულბაათ რცხილაძესთან

ყარაბაღის ომის შედეგებთან, საქართველოსთან მიმართებაში, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ ინტერვიუ მისცა “საერთო გაზეთს” (#39, 2020 წ.), რომელიც ჟურნალისტმა ირანდა კალანდაძემ ჩაიწერა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

– ბატონო გულბაათ, დამეთანხმებით, ყარაბაღის მოვლენებში მნიშვნელოვანი იყო რუსეთის როლი.

– პუტინი და ალიევი თავიდანვე შეთანხმებული იყვნენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს გახსნილი ექნებოდათ ხელ-ფეხი ყარაბაღში და მათ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დაუპირისპირდებოდა. ეს გარიგება, ყველაზე გვიან, გამჟღავნდა 26 ოქტომბერს, როდესაც ვალდაის კლუბის ფარგლებში პუტინმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს უფლება ჰქონდა, დაებრუნებინა ის ტერიტორიები, რომლებიც ყარაბაღის ყოფილი ავტონომიის გარშემო მდებარეობს და უკვე თითქმის სამი ათეული წელია, ვერ აკონტროლებს, ხოლო მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს. მე ეს იმთავითვე აღვნიშნე და დავწერე სომხების და არა მარტო მათ გასაგონად, თუმცა რატომღაც, რუსეთის პრეზიდენტის ეს სიტყვები ჯეროვნად ვერ აღიქვეს. შედეგი ზუსტად ასეთი მიიღეს სომხებმა, უარესიც – მათ დაკარგეს კონტროლი ქალაქ შუშაზე (შუშიზე), რომელიც სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ადგილზე მდებარეობს სამხედრო თვალსაზრისით და, გარდა ამისა, აზერბაიჯანლებისთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, როგორც მათ ისტორიულ ქალაქს.

რუსეთის სამხედრო შენაერთების განლაგება ყარაბაღში, იმ ხაზის გასწვრივ, რომლის შიდა მხარეს სომხები რჩებიან (სამი დიდი რაიონია – სტეპანაკერტის, მარდაკერტისა და მარტუნის, პლუს ლაჩინის კორიდორი, რომელიც ყარაბაღს სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს), ხოლო გარეთ აზერბაიჯანული ძალები, ერთი მხრივ რუსეთის სტრატეგიული პოზიციების განმტკიცებაა: რუსეთმა უეცრად მოიპოვა უფლება, ფიზიკურად ჩაერიოს ყარაბაღის კონფლიქტში, როგორც მშვიდობისმყოფელი მხარე და სომხეთის დამოკიდებულება გაზარდოს მასზე, ასევე აზერბაიჯანიც გარკვეულწილად „მიაბას“ თავის სტრატეგიას. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ალიევმა, რომელმაც შეძლო პუტინის დარწმუნება, რომ იგი უფრო მეტადაა რუსეთის მეგობარი, ვიდრე „სოროსელი“ ფაშინიანი, რუსეთს სამხრეთ საზღვართან თურქეთის სამხედრო ძალა შემოუყვანა – აზერბაიჯანის გენერალური შტაბი და ჯარი მთლიანად, თურქი ოფიცრების კონტროლს ქვეშ არის მოქცეული. აზერბაიჯანის სხვადასხვა ნაწილში დაახლოებით 500 თურქი ოფიცერია დასაქმებული. ზოგი მათგანი ფრონტის წინა ხაზზეც მეთაურობდა აზერბაიჯანულ შენაერთებს. ვიზუალურადაც კარგად ჩანს ეს ვითარება: ქალაქ აგდამში, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მშვიდობიანად დაუბრუნდა, ტანკები აზერბაიჯანული და თურქული დროშებით შევიდნენ… აწყობს ეს რუსეთს სტრატეგიულად? განა რუსეთის ინტერესები არ ზარალდება თურქეთის ასეთი გაძლიერებით? რაც არ უნდა იძახოს მარია ზახაროვამ (რუსეთის საგარეოს პრეს-სპიკერმა), რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს თურქული სამხედრო ძალების ყოფნას ყარაბაღის გარშემო, საქმეს ვერ უშველის – თურქები უკვე არიან აზერბაიჯანში წარმოდგენილნი და საკმაოდ სერიოზულად, ისინი აღარსად აპირებენ წასვლას. დროის საკითხია, როდის „მოჩოჩდებიან“ ისინი ყარაბაღთან უფრო ახლოს. რუსების ჯარს კი მხოლოდ სამშვიდობო მანდატი აქვს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი და თურქეთი ღიად საუბრობენ მოკავშირეობაზე და „ძმობაზე“. აზერბაიჯანელებმა ბაქოსა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამარჯვება აზერბაიჯანული და თურქული დროშებით იზეიმეს, მაგრამ არსად იყო რუსული დროშები, თუმცაღა რუსეთის ნეიტრალიტეტმა განაპირობა აზერბაიჯანის სამხედრო წარმატების შესაძლებლობა. პუტინმა ისიც კი თქვა, რომ აზერბაიჯანს სრული უფლება აქვს,აირჩიოს თავისი მოკავშირეებიო, რითაც, ფაქტობრივად, რუსეთის მხრიდან ლეგალიზება გაუკეთა თურქულ-აზერბაიჯანულ ალიანსს.

რა არის იმის მიზეზი, რომ რუსეთმა ასეთი ლოიალური პოზიცია დაიკავა აზერბაიჯანის მიმართ?

– ხშირად ამბობენ, რომ ეს პოზიცია ფაშინიანის „სოროსულმა“ ანუ ერთგვარმა პროდასავლურმა ბეგრაუნდმა განაპირობა. ეს ნაწილობრივ ასეც არის, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის ბიოგრაფიაში პირდაპირი კავშირი სოროსთან არ იძებნება. პარლამენტში მისი მომხრე, მმართველი ფრაქციის დაახლოებით ¼ მართლაც სოროსის ფონდთან დაკავშირებული პირები არიან. თუმცა თავისი მმართველობის 2 წლის მანძილზე ფაშინიანს რაიმე სერიოზული ანტირუსული ნაბიჯი არ გადაუდგამს და იგი ხაზს უსვამდა კიდეც, რომ რუსეთის გარდა, სომხეთს ალტერნატივა არ გააჩნია.

საქმე უფრო ისაა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმუშავა ზედმიწევნით სწორად. ალიევმა ფულიც ბევრი დახარჯა ლობისტებში და ძველი კავშირები გამოიყენა, პუტინს შეუქმნა იმისი განცდა, რომ აზერბაიჯანი უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვიდრე სომხეთი. მოკლედ რომ ვთქვათ, აზერბაიჯანს რუსეთის კეთილგანწყობის გარეშე ვერც თურქეთის დახმარება უშველიდა. თუმცა, ყარაბაღში ამ წარმატების მისაღწევად, დიდი მსხვერპლიც გაიღო – ესეც უნდა ითქვას, ამის გარეშე არაფერი იქნებოდა.

რუსეთი ერთი მხრივ, მოგებულია, მეორე მხრივ, პერსპექტივაში თურქეთთან დაპირისპირება ძნელი ასარიდებელი ხდება. თურქეთი რუსეთის მიმართ არ ეშვება მტრული პოლიტიკის გატარებას, როდესაც უკრაინას აქეზებს და აიმედებს ყირიმთან დაკავშირებით, საუბრობს ყირიმელი თათრების უფლებებზე – როგორც საკუთარ ხალხზე, ისე. ასევე ლიბიაში და სირიაში თურქეთი რუსეთის ინტერესებს არსებითად ეწინააღმდეგება. რუსების უპირატესობა კავკასიაში ის არის, რომ სომხეთში რუსეთის ძალები ძლიერდებიან და კონტროლზე აჰყავთ აზერბაიჯანისა და ნახჭევანის დამაკავშირებელი, სომხეთზე გამავალი გზა. თუმცა საეჭვოა, რომ ამ ტრასაზე აქტიური მიმოსვლა იქნება. სამაგიეროდ, რუსებმა მუდმივად უნდა იზრუნონ ყარაბაღში უპერსპექტივოდ დარჩენილი სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, რაც ისედაც რთულია და თან არ არის გამორიცხული, რომ იქ პროვოკაციები მოხდეს სხვადასხვა მხარის მიერ დაგეგმილი, ვისაც არ აწყობს მშვიდობა ყარაბაღში და რუსი სამშვიდობოებისთვის ვითარების არევას შეეცდება. თურქეთის გარდა, ასეთი ძალა ამერიკაა, თუმცა ეს ჯერ ყველაფერი შედარებით მოგვიანებით შეიძლება, მოხდეს.

– ამ პერსპექტივით, ვინ წააგო ამ ომში და როგორია ჩვენი მდგომარეობა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე?

– ამ კონფლიქტში წაგებული ცალსახად სომხეთია… მაგრამ მნიშვნელოვნად მცირდება აშშ-ის გავლენა, ევროპა კი საერთოდ კარგავს ყველანაირ ბერკეტს ყარაბაღზე და, როგორც ჩანს, კოვიდ-კრიზისებიდან გამომდინარე, ინტერესიც დაკარგულია. ეს ყველაფერი ჩვენი მედასავლეთე პოლიტ-ისტებლიშმენტისთვის სერიოზული გაფრთხილება უნდა იყოს. დასრულდა ამერიკის პარპაში და მით უმეტეს, ჩვენს რეგიონში. რუსეთი და თურქეთი, მიუხედავად მათ შორის არსებული სტრატეგიული დაპირისპირებისა, რომელზეც მე ზემოთ ვისაუბრე, ტაქტიკურად მაინც გარიგებულები არიან ერთმანეთში, ვაჭრობა და ენერგეტიკის სფეროში რუსეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციები თურქეთში შთამბეჭდავია. ამას გვერდს ვერავინ აუვლის. ამერიკას კი თურქეთთან არ აქვს დალაგებული ურთიერთობები, მას შემდეგ, რაც ერდოღანს შეთქმულება მოუწყეს ამერიკაში მოკალათებულმა ძალებმა, ფეთჰულა გიულენის მეთაურობით. რაც არ უნდა გემები ატაროს ამერიკამ ვიზიტებით შავ ზღვაში, ეს მის სტრატეგიულ პოზიციებს კავკასიაში ვერ გააძლიერებს. მით უმეტეს, საქართველო, რომელიც ბოსფორის სრუტიდან, იმავე ნატოს წევრ რუმინეთისგან (სადაც ამერიკული ბაზაა) შორს მდებარეობს, ამერიკისთვის თავის ტკივილი უფრო იქნება, ვიდრე დახმარება. ამიტომ არ ვიზიარებ ქართველი ე. წ. ექსპერტების აჟიოტაჟს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგების თაობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ვერ განხორციელდება. სამაგიეროდ, პროვოკაციებში საქართველოს ჩართვა ამერიკისთვის ტრადიციულად იოლი საქმეა და თუ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პოლიტიკა აირჩია, ასე მოხდება კიდეც – ამერიკა იბრძოლებს საქართველოთი და თუ კიდევ იპოვა სადმე საქართველოსნაირი ჩამორჩენილი და გაბითურებული წარმონაქმნი, მათი საშუალებითაც.

– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ დეკლარაციაა?

21-ე საუკუნე არის ცივილიზაციების, მსხვილი კულტურული პოლუსების ეპოქა, წვრილი ნაციონალიზმის ადგილი, როგორსაც ჩვენ, ქართველები და, მთლიანად, კავკასიელები ვართ მიჩვეულნი, არ არის. ეს დაღუპვაა. ცივილიზაციურ კატეგორიებში აზროვნება უნდა ვისწავლოთ. დააკვირდით – იგივე აზერბაიჯანი უკვე მოიაზრებს თავს დიდი თურქეთის ნაწილად, თურქები ამბობენ, რომ არის „ერთი ხალხი – ორი სახელმწიფო“, ანუ ერთი თურქი ხალხი, ორ სახელმწიფოში – თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. სომხები დიასპორის იმედად არიან, რუსეთს ეკედლებიან ბოლომდე, რადგან რუსული გარანტიების გარეშე სომხეთი ვერ იარსებებს, რუსეთი ისტორიული პარტნიორი და მფარველია კავკასიაში… ქართველები ვის ნაწილად მოვიაზრებთ თავს? კიდევ ვიტყუებთ თავს, რომ ევროპა ვართ? და თუ ევროპა ვერ გავხდით, ამერიკის შტატი გვგონია თავი? არც „საერთო კავკასიური სახლი“ იარსებებს და არც სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი ცივილიზაციის ნაწილი, რომლის ბუნებრივი ლიდერი რუსეთია და მხოლოდ ამ კონტექსტშია განსახილველი საქართველო, ამის გარეშე საქართველო, ობოლი, უნათესავო ქართველი ერი, თანამედროვე პირობებში სიცოცხლისუუნაროა.