24 წლის გოგოს ოჯახი, შვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს

კორონავირუსით 24 წლის ქალი გარდაიცვალა, ოჯახი ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია

 კორონავირუსს 19 წლის თეკლა თორდიას შემდეგ, 24 წლის ნინო გულიკაშვილის სიცოცხლე 1 დეკემბერს შეეწირა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ცხელების ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ქალი 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის დღეს დამძიმდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეყვანილი ნინო გულიკაშვილი COVID19-ით სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან ტესტის დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.

გარდაცვალების შემდეგ კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ 24 წლის განმავლობაში გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებს.

შემთხვევის შესახებ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო აღნიშნულ საქმეს შეისწავლის.

„მანამდე მე არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო რომელიმე მხარეს გარკვეულ გადაცდომაზე. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია, პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, ვიდრე არ მექნება საფუძველი, ვისაუბრო კონკრეტულად“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 147.636-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 124.568 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 1.974, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.561 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.867 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

“სპუტნიკი”