ახალი მეთოდით წარმოებული მაღალი სიმტკიცის ბეტონი აქტიურად იქნება გამოყენებული სამშენებლო სფეროში

ახალი მეთოდით წარმოებული მაღალი სიმტკიცის ბეტონი აქტიურად იქნება გამოყენებული სამშენებლო სფეროში, ჰიდროელექტროსადგურების, ხიდების, გვირაბების, აეროდრომების და გზების მშენებლობაში. ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულება მსუბუქი ბეტონების სამშენებლო ინდუსტრიაში გამოყენებას გვავალდებულებს.

 

სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისია ბიუროს საინჟინრო ექსპერტების და ქართველი მეცნიერების ერთობლივი მეორე გამოგონება მსუბუქი კონსტრუქციული ბეტონი.

„ახალი გამოგონება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად კონკურენტულ რეჟიმში ვართ, როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ მწარმოებლებთან. ჩვენ ცემენტის წარმოებისას მუდმივად ვიყენებთ მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას, თუმცა ბეტონის წარმოების დროს ვიყენებთ უცხოურ დანამატებს. ეს შეიძლება გამოდგეს ზუსტად ბეტონის წარმოების დროს, როგორც ადგილობრივი დანამატი“- განაცხადა „ჰაიდელბერგ ცემენტის“ სამშენებლო მასალების დირექტორმა, დავით ჯუღაშვილმა

მაღალი სიმტკიცის და კონსტრუქციული მსუბუქი ბეტონების შემთხვევაში მიკროსტრუქტურულ დანამატად გამოყენებულია თერმომოდიფიცირებული მინერალური დანამატი, რომელიც მიიღება ტუფის და თიხა-ფიქლების, პემზის 550-700 გრადუს ტემპერატურაზე მოდიფიცირებით და შემდგომი წმინდად დაფქვით. მიღებული ბეტონი გამორჩეულია მაღალი სიმტკიცით, საიმედოობით და არ არის მიდრეკილი ბზარების წარმოქმნისაკენ. ხოლო მსუბუქი კონსტრუქციული ბეტონი გამოირჩევა შემცირებული წყალშთანთქმით და ყინვამედეგობის მაღალი მაჩვენებლით. სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისათვის კი დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ადგილობრივი ნედლეულის შექმნა წარმოადგენს.

“იმედი”