კარგად მახსოვს, ბებიაჩემს, ელენე გულუას თავისი ქმრისათვის არასოდეს მიუმართავს შენობით ან სახელით – ის ყოველთვის ასე მიმართავდა: “გცალიათ, რომ მომისმინოთ?”, ან კიდევ, “მითხარი, თუ კაცი ხარ!” ან “გესმის ჩემი მამაკაცო?”..
არასოდეს დამავიწყდება,ბებიაჩემი ყოველ საღამოს დაძინების წინ, თბილი წყლის სავსე ტაშტს დაუდგამდა და ძალიან ხშირად თვითონ ბანდა ბაბუაჩემს ფეხებს…იყო საოცრად მზრუნველი და ქმრისადმი მორჩილი ქალი, ვინც არ უნდა ყოფილიყო სახლში სტუმარი, პირველ ჩოგან ღომს ყოველთვის ბაბუაჩემს ამოუღებდა და მასში ბლომად სულგუნის ყველას ჩაუხარშავდა, ეს ყველაფერი იმდენად ძალდაუტანლად და თავისთავად ხდებოდა, რომ მიმაჩნია, რომ ეს ერთგვარი რიტუალიც კი იყო ქმრისადმი სიყვარულის გამოსახატავად – რისგანაც ის, ყოველივე ამისაგან უდიდეს სულიერ სიამოვნებას ღებულობდა…
ასეთი ცხოვრების წესით მათ ბედნიერად იცხოვრეს ერთად 75 წელიწადი…
მესმის, რომ ბევრისათვის ეს შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს, მაგრამ ფაქტი, ფაქტად რჩება…
მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ დღეს, ცივილიზაციის განვითარების ამ ეტაპზე თანამედროვე ცოლმა თავის ქმარს ფეხები დაბანოს, მაგრამ ამის მაგალითი ხომ თვითონ ქრისტემ მოგვცა, როდესაც თავის მოწაფეებს თავისი ხელით დაბანა ფეხები, და კაცობრიობას უჩვენა მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა…
ეს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს იმ ერს, რომელიც ქრისტიანულმა რწმენამ გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა, როგორც ერი…
ჩემის აზრით, ქალის ყველაზე დიდი სიმშვენიერე გარეგნული სილამაზე და მდიდარი სამკაულები კი არა, ქმრისადმი პატივისცემა და მისდამი მორჩილებაა, რაც სამწუხაროდ თანდათანობით იკარგება და კარგავს თავის სულიერ სახეს…
არადა, ადამიანი ხომ ერთხელ ცოცხლობს ამ ქვეყანაზე და ამ სიცოცხლესაც ხომ ერთი კანონი აქვს – რჯულის კანონი, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ უნდა განვლიოთ ეს ცოდვილი წუთისოფელი, რომ ვცხონდეთ და ცათა სასუფეველში მოვხვდეთ…
ამიტომ დაუდგინა უფალმა ყველას თავისი განსაკუთრებული წესი და ფუნქცია და მათ შორის ქალსაც, რომელსაც ცივილიზაციის განვითარების ყველა ეტაპზე უდიდესი როლი შეუსრულებია, როგორც დედას, როგორც მეუღლეს, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს და როგორც ეკლესიის მსახურს, რაც მის მიმართ უფლის დიდ წყალობას ნიშნავს და უდიდესი სათნოებაა ერისათვის…
-და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ , ორნი კი აღარ არიან არამედ ერთ ხორც” – სახარება მარკოზისა, თ. 9 -10.
თეიმურაზ კვარაცხელია