ჯონ ტეფტი – ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ ტონი ბლინკენს საქართველოსთვის აგვისტოს ომის დროს დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის განცხადებით, ტონი ბლინკენს, რომელიც აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა, საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა.

 

ამის შესახებ ჯონ ტეფტი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს. „ტონი ბლინკენის როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა,“ – ამბობს ჯონ ტეფტი. გარდა ამისა, ტეფტი იხსენებს, რომ ამ ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტის დროს, მან ტონი ბლინკენთან ახლოს იმუშავა და მასთან ერთად დაწერა გამოსვლის ტექსტი, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. ცნობისთვის, ბაიდენი თბილისში მაშინ ჩავიდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაიდენმა მის სიტყვაში ამ წუხილზე სწორედ ბლინკენის რეკომენდაციით ისაუბრა. „მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც ინსტრუქცია, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ – არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია,“ – თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში.