„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარებს

„ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარებს.

შეხვედრას ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი ესწრება. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადეს, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ერთმანეთს პოზიციების შესაჯერებლად ხვდებიან.

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარებს

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ვალდებული ვართ, რომ საკითხები სწრაფად გადაწყდეს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეჯერებული პოზიცია არსებობდეს. პოზიცია იგივეა, არაფერი ამ პოზიციაში არ შეცვლილა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან უნდა შეაჯეროს,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთანავე, ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნები არ იცვლება და ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი არა ეროვნული ორგანო, არამედ „ივანიშვილის ხუშტურების შესასრულებელი კანტორა“.

„ვართ ბოიკოტის რეჟიმში, იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს, რომელსაც გააკეთებდა ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია. ეს გადაწყვეტილება დავიდა იქამდე, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის ეროვნული ორგანო, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იყოს დაცული, მათი პოზიცია გატარებული. ეს უბრალოდ კანტორაა მდიდარი ადამიანის ხუშტურების აღსასრულებლად“- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

“ინტერპრესნიუსი”