პარლამენტში ვერც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია ვერ შევა და არ შევა – მელია

პარლამენტში ვერავინ, ვერც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია, ლიდერი და წარმომადგენელი ვერ შევა და არ შევა, სანამ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რომლებიც აქვს წაყენებული ოპოზიციას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ცესკოს მიერ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღება არაფერს შეცვლის, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც რეალობა ყალბდება.

„ცესკოს შემაჯამებელი ოქმი რას ცვლის? არ იცოდით, რომ აყალბებდა ცესკო? ცესკოსგან ელოდება ვინმე რამე განსხვავებულს? მგონი, ეს ის რეალობაა, რომელსაც უკვე თვალი გავუსწორეთ. სწორედ ამიტომ ყველა ოპოზიციური პარტია ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს, რომელსაც გააკეთებდა ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია. ეს გადაწყვეტილება დავიდა სადამდე, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის ეროვნული ორგანო, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იქნას დაცული, ან მათი პოზიცია გატარებული, ეს უბრალოდ კანტორა არის იმ მდიდარი მილიარდერი ადამიანის ხუშტურების ასასრულებლად”, – განაცხადა მელიამ.

 

“რეზონანსი”