„კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა – 50 დღის ჩვილი გამოჯანმემრთელდა.
ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა.
„კლინიკა ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, კლინიკაში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124 568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 387 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1 980 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 397 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 798 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
“იმედინიუსი”