მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმა. სწორედ ამ ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, იცით, რომ უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR.
სწორედ ამის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
“იმედინიუსი”