დღეს ყველა ტელეარხი და ჟურნალისტი მეკითხება, რატომ არ ვიყავით ელჩებთან შეხვედრაზე – ინაშვილი

ოპოზიციის შეთავაზებაში არის პუნქტი, რომელსაც აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას – ირმა ინაშვილი

ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრას ეხმაურება.

ინაშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ წარდგენილ შეთავაზებათა პაკეტში 2 პუნქტს არ ეთანხმება და ხელისუფლებასთან გარიგების მცდელობად აფასებს.

„დღეს ყველა ტელეარხი და ჟურნალისტი მეკითხება, – რატომ არ ვიყავით ელჩებთან შეხვედრაზე. გპასუხობთ ყველას:

1. ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ელჩებს ჩვენ ვხვდებით ან მარტო ან ე.წ. რაუნდებზე, სადაც არის ხელისუფლებაც და საერთოდ სულყველა.

2. რამდენადაც მე ვიცი (შეიძლება, სწორად არც ვიცი), ეს იყო 7 პარტიის შეხვედრა. და მე კვლავ ვამბობ: ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, ცალკე და დამოუკიდებლად!

3. ჩვენი მოთხოვნები იგივეა, რაც იყო. პირველი – ახალი არჩევნები გაზაფხულზე! მეორე – გაზაფხულზევე ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები. მესამე – გაზაფხულზევე არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო ყველასათვის.

მეოთხე – გაზაფხულზევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ან გაყალბებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი გახდეს 12 წლიდან ზემოთ.

მეხუთე – საარჩევნო გარემოს ანუ ცესკოს და ა.შ. შეცვლა.

რაც შეეხება იმ 7 პარტიის პაკეტს, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ გადმომიგზავნა ეს მასალა. იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროვებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით რა მესამე რაუნდს. ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, დღეს, 4 დეკემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიციამ შეხვედრაზე ხელისუფლებასთან წარსადგენი წინადადებების პაკეტი მიიტანა და “ქართული ოცნებისგან” პასუხს ელის.

წყარო: report.ge