თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთისთვის ტვირთია.
თურქეთის ლიდერის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მაკრონი ტვირთია საფრანგეთისთვის. მაკრონი და საფრანგეთი გადიან ძალიან საშიშ პერიოდს. ვიმედოვნებ, საფრანგეთი მოიშორებს მაკრონის პრობლემას“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდორანმა რეპორტიორებთან.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია, რაც სირიის კრიზისზე, ასევე საფრანგეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების საკითხზე აზრთასხვადასხვაობით არის გამოწვეული. ამას გარდა, ანკარასა და პარიზს შორის უთანხმოების გაღრმავება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განსხვავებულმა პოზიციებმა და ურთიერთბრალდებებმა გამოიწვია.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც კანონმდებლები ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებენ.
„ილჰამ ალიევს აქვს ფრანგებისთვის კარგი რჩევა. იცით, რა თქვა მან? „თუ მათ ასე უყვართ სომხები, მისცენ მარსელი სომხებს“. მე იგივე რეკომენდაციას გავცემ. თუ მათ ისინი ასე ძალიან უყვართ, მისცენ მარსელი სომხებს,“ – განაცხადა ერდოღანმა.